ორსულობა, მშობიარობა და მათთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

აღსრულდა, თქვენ ორსულად ხართ! ერთმანეთში აირია ყველა გრძნობა და ემოცია, რომლებმაც მთელი თქვენი არსება მოიცვა. უზარმაზარი, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი სიხარული, ეჭვები, შფოთვა, სინაზე და სიყვარული იმ პატარა საუნჯის მიმართ, რომელიც თქვენზეა მონდობილი… ან იქნებ ვერაფერი იგრძენით და საკუთარმა გულგრილობამ შეგაშინათ?.. ორსულობა – ეს არის საოცრად ამაღლებული და ამავე დროს უცნაური განცდა. განწყობა, გრძნობა და ემოცია გამუდმებით იცვლება. ეს უმეტესად ჰორმონული ფონის ცვლილებებს (1-ლი ტრიმესტრი), მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდას, სისხლში შაქრის მერყეობას (მე-2 ტრიმესტრი), კვლავ ჰორმონების დონის ცვლილებას და მშობიარობისთვის მზადების დასაწყისს (მე-3 ტრიმესტრი) უკავშირდება. ეს ორსულობის ფიზიოლოგიური მხარეა, ფიზიოლოგია კი ყოველთვის ფსიქოლოგიასთან არის დაკავშირებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითშეგრძნება გავლენას ახდენს ემოციურ აღქმასა და სიტუაციის შეფასებაზე და პირიქით. ღიმილსა და ოპტიმიზმს შეუძლიათ განკურნონ, ზედმეტი მღელვარება კი იწვევს თავის ტკივილს, კუჭის სპაზმს, არტერიული წნევის მომატებას, საშვილოსნოს ტონუსის გაძლიერებას… 

როგორ ვმართოთ სიტუაცია და როგორ გავმიჯნოთ უსაფუძვლო ფორიაქი საფუძვლიანი სიფრთხილისაგან? თავდაპირველად თქვენი მღელვარების მიზეზი დაადგინეთ. მაგალითად:
მე მეშინია, რომ…
* ამ ბავშვის დაბადება არავის გაახარებს;
* არ მეყოფა ფული მის გამოსაკვებად;
* ბავშვი არასწორად განვითარდება;
* არ ვიქნები კარგი დედა;
* ბავშვის დაბადება ხელს შეუშლის ჩემს კარიერას.
შემდეგ თითოეული სიტუაცია ლოგიკურ დასასრულამდე გაითამაშეთ. აღმოჩნდება, რომ ბავშვის დაბადებას შეუძლია გაგამდიდროთ და ენერგიით აგავსოთ, რადგან როცა დედა გახდებით, საკუთარ თავში აღმოაჩენთ სულიერი და ფიზიკური ძალებისა და სიბრძნის უზარმაზარ პოტენციალს.

წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება
არსებობს ქალის იდეალი. ეს ის ქალია, რომელიც სიხარულით ცას სწვდება, როდესაც გაიგებს, რომ დედა უნდა გახდეს, ბავშვის დაბადებას ლაღად და მხიარულად ეგებება… მაგრამ ორსულობას უსიამოვნო განცდებიც ახლავს თან და ეს განცდები სავსებით ბუნებრივია, მით უმეტეს – პირველი ორსულობისას. პირველი ორსულობა უზრუნველი ყმაწვილქალობის დასასრულს მოასწავებს. ქალმა იცის, რომ მშობიარობის შემდეგ მისი თავისუფლება ჩარჩოში მოექცევა, ბიუჯეტი შეიკვეცება… ქმრის ყურადღება აქამდე თუ მხოლოდ მისკენ იყო მიმართული, ახლა მისი მოზიარე გაუჩნდება… ორსულთა დიდი ნაწილი კარგა ხანს გულგრილია მომავალი შვილის მიმართ, მაგრამ აი, ნაყოფი იძვრება და ქალი ხვდება, რომ მის მუცელში ნამდვილად ცოცხალი არსებაა. ორსულობის ბოლოს ქალს უკვე შეუძლია, რეალურად წარმოიდგინოს შვილი და ყოველივე ის, რაც მასზე ზრუნვას უკავშირდება. ზოგიერთი ქალი, როდესაც შეიტყობს, რომ ორსულად არის, ღიზიანდება და შვებას მაშინღა გრძნობს, როცა მასში იღვიძებს სინაზე მომავალი შვილის მიმართ. ახალბედა დედას კიდევ ერთი გამოცდა ელის: როცა ბავშვი, ბოლოს და ბოლოს, დაიბადება, ქალს ჰგონია, რომ მასში მაშინვე მოზღვავდება დედობრივი სინაზე და შვილში უმალვე საკუთარ სისხლსა და ხორცს შეიცნობს. მაგრამ ეს ზოგჯერ არც პირველ დღეს ხდება და არც პირველ კვირას, ეს ხანგრძლივი პროცესია და მანამდე არ დასრულდება, ვიდრე დედა შვილთან ერთად მარტო არ გაატარებს რამდენიმე ხანს.

დაწყებითი სკოლა
ორსულობის ცხრა თვე დედობის სკოლაა. ქალი თავისი დედის შვილიდან საკუთარი შვილის დედად იქცევა. ეს თვეები მას მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ასწავლიან, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციური და სულიერი ჯანმრთელობა. მუცლადმყოფი ბავშვი სამყაროზე თქვენი საშუალებით რეაგირებს. ის თქვენგან სწავლობს სამყაროსთან ურთიერთობას. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ორსულს თავადვე უჭირს საკუთარ თავში გარკვევა? მან ხომ ბავშვზეც უნდა იფიქროს, სამსახურზეც, დრო უნდა დაუთმოს ქმარს, ზოგჯერ – უფროს შვილებსაც, და თან საკუთარ თავზეც იზრუნოს. განვსაზღვროთ პრიორიტეტები. რა არის ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი? წარმარტება, სამსახური თუ უბრალოდ მუშაობის აუცილებლობა, რაც უდიდეს ძალისხმევასა და უამრავ დროს გართმევთ? შესაძლოა, ამან მატერიალური კეთილდღეობაც კი მოგიტანოთ, მაგრამ როგორ აისახება ეს ბავშვზე? დიახ, ახლა უმთავრესი “პროექტი” ბავშვია! ამიტომ აუცილებლად სთხოვეთ დახმარება მათ, ვისი იმედიც გაქვთ, დანარჩენებს კი აუხსენით, რომ ახლა თქვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, რომელიც ზედმიწევნით ყურადღებას მოითხოვს. კიდევ ერთი ვარიანტი: შორიდან შეხედეთ, გაემიჯნეთ საკუთარ ემოციებს, თითქოს ორად იყოფით, ერთი ნახევარი ცხოვრობს, განიცდის, ხოლო მეორე, ბრძენი და მშვიდი, აკვირდება, ეხმარება, რჩევებს აძლევს და თანადგომას უცხადებს.

პრიორიტეტების შესახებ
სტრესები ჩვენი ცხოვრების ნაწილია. საქმე ის არის, ჩვენ როგორ ვრეაგირებთ მათზე. სტრესი – ეს არის განსაზღვრული სიტუაცია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. ამიტომ გადაწყვიტეთ მშვიდად, ემოციების გარეშე. თქვენი რეაქცია მომხდარზე – აი, რაზეა დამოკიდებული სტრესის ზემოქმედება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ურთიერთობა ქმარსა და უფროს შვილებთან – ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. მათ ხომ უწინდებურად უამრავი დრო და ყურადღება სჭირდებათ. აუცილებლად გაანდეთ მათ თქვენი განცდები, სთხოვეთ დახმარება, აუხსენით, რომ ორსულობა, მომავალ ბავშვზე ზრუნვა მძიმე შრომაა. გაუზიარეთ თქვენი სიხარული და მოლოდინიც – ისინი ხომ ახლობელი ადამიანები არიან! თქვენი განცდები ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური მდგომარეობა ფსიქოლოგიურზე უშუალოდ არის დამოკიდებული.

3 responses to “ორსულობა, მშობიარობა და მათთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

  1. Ani October 12, 2011 at 7:54 pm

    კარგი პოსტია ძალიან, თუმცა აქ ინდივიდუალურია: “პირველი ორსულობა უზრუნველი ყმაწვილქალობის დასასრულს მოასწავებს. ქალმა იცის, რომ მშობიარობის შემდეგ მისი თავისუფლება ჩარჩოში მოექცევა” – ამ საკითხს ასე არ ვუყურებდი მე პირადად და არავის არ მოკლებია ყურადღება, პირიქით, უფრო მეტი სინაზე გაჩნდა ჩემსა და მეუღლეს შორის. არც არაფერი დასრულებულა – პირადი თავისუფლება ან ყმაწვილქალობა🙂 ყველაფერი ძველებურად იყო და არის :))) პ.ს. ახალგაზრდობას მხოლოდ წელთა სვლა გვამრთმევს და შვილები გვინარჩუნებენ : ))))

  2. salome.shengelia.salome@gmail.com November 25, 2014 at 6:48 pm

    gamarjoba daaxloebit sami tvis win gadatanili maq medikamentoziru aborti ragac mizezebis gamo. mas shemdeg dzalian magizianebs orsuli qalis danaxva , var dzalian emociuri da gamudebit mawuxebs dagliloba. dzalian mainteresebs es stresis bralia tu ra xdeba chems tavs. abortis dros dzalian vinerviule pirveli bavshvi iyo da ganvicade.

  3. cancara023 February 8, 2015 at 11:25 am

    gamarjobat,pirveli mshobiarobidan 8tveshi damemarta obsesiur kompulsiuri ashliloba davkarge bevr rameshi rialobis shegrdneba,davdiodi psiqologtan da imis mere 3weli gavida.exla var orsulad ramdenad shesadzlebelia bunebrivad mshobiarobis mere gamomeordes an piriqit uqetesi xomaraa ?????

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: