მიყიდე! ტესტი მშობლებისათვის

სასაცილოა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი სიტყვა, რომელიც ბავშვის ბაგეებს “დედასა” და “მამას” შემდეგ დასცდება, “მომეა”. ამის შემდეგ იწყება მშობლების ფილოსოფიური მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ჩვენს დროში სულაც არ არის ცუდი, თუ ადამიანი ადრეული ასაკიდანვე ისწავლის თავისი სურვილების ასრულებას. სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ეს სიტყვა “მინდასა” და “მიყიდესთან” ერთად ბავშვის ლექსიკონის მთავარ ელემენტებად იქცევა. დაგვეთანხმებით, არც ერთ მშობელს არ ახარებს სათამაშოების დახლთან გამართული ომი და მორიგი თოჯინისა თუ ავტომატის შეძენის დაუსრულებელი მოთხოვნა.

ხშირად ყველაფერი იმით მთავრდება, რომ მშობლებს ხელში აჰყავთ ატირებული პირმშო და სწრაფად ტოვებენ მაღაზიას. “რატომ იქცევა ასე?” _ სვამენ მშობლები რიტორიკულ შეკითხვას. იქნებ ჩვენ თვითონ ვუბიძგებთ ბავშვს ასეთი საქციელისკენ? ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი ბავშვი მაღაზიაში ნამდვილ სპექტაკლს მართავს, ხოლო ზოგისთვის მკაფიოდ ნათქვამი “არაც” საკმარისია. რისი ბრალია ეს განსხვავება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ქვემოთ მოყვანილი ტესტი დაგეხმარებათ.
ბავშვი ნაწყენია. ის გიყვებათ, რომ მისმა ჯგუფელმა ბარში სათამაშო ამწე მოიტანა და არავის ათხოვა. თქვენი რეაქცია:
1. ჰპირდებით, რომ უკეთესს უყიდით;
2. სთავაზობთ, ახლავე ითამაშოთ მშენებლობანა და ამ მიზნით მისი ყველა მანქანა გამოიყენოთ;
3. იღებთ მუყაოს და ამწეს კეთებას იწყებთ.
სამსახურში ძალიან დატვირთული ბრძანდებით და ბავშვთან ცოტა დროს ატარებთ. ამის კომპენსაციას ცდილობთ:
1. მანქანებით, თოჯინებით, რადგან იცით, რომ რაც უფრო მეტი სათამაშო ექნება ბავშვს, მით უფრო ნაკლებად იგრძნობს უთქვენობას;
2. სათამაშოებით, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვის განვითარებას, რათა ბებიასთან ერთად ითამაშოს, როცა თქვენ შინ არ იქნებით;
3. ერთად გატარებული დროის ხარისხით _ თავისუფალ დროს მთლიანად ბავშვს უთმობთ.
როცა ბავშვი კარგავს ინტერესს ახალი ძვირად ღირებული სათამაშოს მიმართ, თქვენ:
1. მას აგდებთ ან სკივრში ინახავთ;
2. ახსენებთ ბავშვს მის არსებობას და სთავაზობთ, კიდევ ითამაშოს;
3. ამ სათამაშოთი ახალ თამაშს მოიგონებთ.
მიგაჩნიათ, რომ ბავშვის საჩუქარი უნდა იყოს:
1. სპონტანური;
2. კარგად დაგეგმილი სიურპრიზი;
3. საოცნებო.
ბავშვს ხელში უჭირავს მანქანა (სათლი, თოჯინა). ის ითხოვს სათამაშოს, რომელიც ძალიან ჰგავს მისას. თქვენ:
1. ყიდულობთ;
2. მერყეობთ;
3. უყვებით, როგორ უყვარს ის თავის სათლსა თუ თოჯინას.
როდის სჩუქნით ბავშვს სათამაშოს, რომელსაც გთხოვთ?
1. პირველი ან მეორე მოთხოვნისთანავე, უარს აზრი არ აქვს;
2. ერთხანს თავს იკავებთ, მაგრამ საბოლოოდ ნებდებით;
3. დღესასწაულისთვის, მაგრამ თუ ბავშვი ისტერიკას გამართავს, სულაც არ უყიდით.
ესაუბრებით თუ არა ბავშვს ფინანსური პრობლემების შესახებ?
1. არა, ბავშვი ამისთვის მეტისმეტად პატარაა;
2. დიახ, თუ სათამაშოების მაღაზიაში ვართ და ფული არ გვყოფნის;
3. დიახ, ვაგროვებთ თანხას და ვადგენთ გეგმას, ვის რა ვუყიდოთ.
ხშირად ყიდულობთ ბავშვისთვის, რასაც გთხოვთ?
1. თითქმის ყოველდღე;
2. კვირაში 3-4-ჯერ;
3. კვირაში 1-2-ჯერ.
მაღაზიაში ბავშვის ტანსაცმელს ეძებთ, მაგრამ უეცრად ხედავთ სათამაშოს, რომელიც ბავშვობისას ძალიან გინდოდათ. თქვენ:
1. კარგად დაათვალიერებთ და გზას განაგრძობთ;
2. თავს ვერ შეიკავებთ და იყიდით;
3. იწყებთ ფიქრს, როგორ დაზოგოთ ფული, რათა სათამაშო შეიძინოთ.
როცა ბავშვთან ერთად სასეირნოდ მიდიხართ, საფულე თან მიგაქვთ?
1. ყოველთვის;
2. თუ მაღაზიაში შესვლას არ ვაპირებ, არა;
3. თუ სათამაშოების მაღაზიასთან უნდა გავიარო, არა, რადგან თავად ვერ შევიკავებ თავს.

როგორი სათამაშოები უყვარს თქვენს შვილს?
1. გასართობი;
2. კონსტრუქტორები;
3. ის ყველაფრით თამაშობს.
ბავშვი სათამაშოებთან შეჩერდა და გთხოვთ, მორიგი რობოტი უყიდოთ, თქვენ კი მიგაჩნიათ, რომ რაც აქვს, სავსებით საკმარისია. რას ეტყვით?
1. შენ უკვე დიდი ხარ და უნდა ხვდებოდე, რომ…
2. უხსნით, რა ნაკლი აქვს ამ სათამაშოს;
3. ამბობთ მტკიცე არას და კამათს აღარ აგრძელებთ.
სად გირჩევნიათ ბავშვისთვის სათამაშოების ყიდვა?
1. სადაც წააწყდებით;
2. საგანგებოდ შერჩეულ ადგილებში;
3. მხოლოდ განსაზღვრულ მაღაზიაში.
როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონდეს თუ არა 4 წლის ბავშვს ფული?
1. არა, საამისოდ ჯერ პატარაა;
2. დროდადრო აძლევთ პატარას მცირე თანხას;
3. ბავშვს აქვს ყულაბა.
ტესტის შედეგები
ახლა მოემზადეთ, რათა ცოტა რამ შეიტყოთ საკუთარი თავის შესახებ, რადგან ეს ტესტი გამოავლენს არა თქვენი შვილის თვისებებს, არამედ თქვენს დამოკიდებულებას ფულის მიმართ.
ჭარბობს პასუხი 1
აუცილებლად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე. ეჭვს არ იწვევს, რომ ბავშვის ჩვევა, იყვიროს, მოითხოვოს, იტიროს, იატაკზე გაგორდეს და იფართხალოს, თქვენ ჩამოაყალიბეთ და ამჟამადაც უწყობთ ხელს მის პროგრესირებას. სწორედ მშობლების ბრალია, რომ ბავშვი ფიქრობს: “სურვილს მაინც ავისრულებ!” რასაკვირველია, ასეთი აღზრდა კარგს არაფერს მოგვიტანს. თქვენთვის ეს ისედაც ცხადია. გაცილებით მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რა არის ისეთი თქვენს მსოფლმხედველობაში, რომ ბავშვის უსაფუძვლო მოთხოვნები ქვეცნობიერად ბუნებრივად მიგაჩნიათ. თქვენ ვერ გრძნობთ საკმაო სიმტკიცეს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოთ ბავშვის ჭირვეულობას. იქნებ დანაშაულის განცდა გაქვთ იმის გამო, რომ ბევრს მუშაობთ, იშვიათად ხართ შინ და ასე ცდილობთ საკუთარი დანაშაულის გამოსწორებას. კარგად გესმით, რომ თქვენს შვილს სულაც არ სჭირდება ახალი ბაჭია თუ მანქანა; პატარა იმიტომ ითხოვს სათამაშოს, რომ მას თქვენი სიყვარული და სითბო აკლია. ვერავითარი საჩუქარი ვერ შეცვლის დედის სიყვარულსა და ყურადღებას. ეცადეთ, ერთი საღამო გაატაროთ შვილთან, ითამაშოთ დახუჭობანა, დაჭერობანა და დაინახავთ, რომ მეორე დღეს პატარა მაღაზიას მშვიდად ჩაუვლის.
ჭარბობს პასუხი 2
ჯერჯერობით ახერხებთ, შეინარჩუნოთ ბალანსი ბავშვის მოთხოვნებსა და თქვენს რეალურ შესაძლებლობებს შორის, თუმცა ეს ბალანსი ძალზე მერყევია. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შვილის სურვილთა დიაპაზონი და მშობლებით მანიპულირების უნარი დღითი დღე იზრდება, თქვენი შესაძლებლობები კი მას ფეხდაფეხ ვერ მისდევს. ბავშვები შესანიშნავად ხედავენ მშობლების სუსტ მხარეებს და ხშირად უფროსები ვერც კი ხვდებიან, როგორ ახდენენ შვილების კაპრიზების პროვოცირებას. ცხადია, ასაკთან ერთად ბავშვი არ შეიცვლება, პრობლემა თავისთავად არ მოგვარდება. იმისთვის, რომ ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობას საფრთხე არ დაემუქროს, უნდა გვახსოვდეს წესები, რომელთა დარღვევაც არ შეიძლება. სიტყვა “არა” ნიშნავს მყარ უარს და არა ვაჭრობის დაწყებას. თუ კამათი დაიწყო, ბავშვი ნამდვილად დაგამარცხებთ. თუ სახანძრო მანქანა არ იყიდეთ ორშაბათს, მისი ყოდვა არც ხუთშაბათსაა საჭირო, არც მაშინ, თუ დაიღალეთ და პატარას მოთხოვნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გიჭირთ.
ჭარბობს პასუხი 3
თქვენი პოზიცია სწორია. თქვენ არ აძლევთ ბავშვს საშუალებას, თავის ჭკუაზე გატაროთ. პატარა ვერასოდეს გახდება ტირანი. თქვენ შესანიშნავად გესმით, რომ აუცილებელია ბავშვის სურვილებისა და თქვენი ფინანსური შესაძლებლობების დამთხვევა. თუმცა აქაც არსებობს ერთი საშიშროება – ზედმეტი არ მოგვივიდეს. ბავშვი, რომელსაც ყველაფერს უკრძალავენ, შესაძლოა გაიზარდოს შეგნებით “ჩემთვის არ შეიძლება”, “მე არ ვარ ღირსი”. ამიტომ აუცილებელია, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, ბავშვს დროდადრო მაინც ვაჩუქოთ სათამაშოები. მას უჭირს გაუძლოს ცდუნებას, როცა ლამაზ პისტოლეტს ხედავს, მაგრამ თუ მაღაზიაში რამდენიმე დღე არ დაბრუნდებით, ბავშვს სათამაშო დაავიწყდება. თუ აიღებთ მუყაოს, ფერად ქაღალდს და ბავშვს პისტოლეტს თქვენ გაუკეთებთ, მას ექნება უძვირფასესი სათამაშო, რომელშიც მისი მონდომება და თქვენი მზრუნველობაა ჩაქსოვილი. უფროსებმა ხომ შესანიშნავად ვიცით, რომ სათამაშო და ტკბილეული ბავშვისთვის სულაც არ არის მთავარი; მშობლების ყურადღება და სიყვარული გაცილებით ძვირფასია.

 

One response to “მიყიდე! ტესტი მშობლებისათვის

  1. anina October 20, 2011 at 9:00 pm

    მაინც არა მგონია, რომ ბავშვს ფერადი ქაღალდისგან მშობლის მიერ გაკეთებული ამწე უფრო ეყვარება, ვიდრე სათამაშოების მაღაზიაში ნაყიდი : ] რა ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს, რომ სწორედ ეგრე იყოს : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: