ბავშვის დინამიური განვითარების თეორია

ერთერთ ძველ წიგნში, რომელიც ფსიქოანალიზს ეხება, მოყვანილია შოპენჰაუერის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ადამიანის სული მჭიდრო კვანძია, რომლის გახსნაც შეუძლებელია. ზიგმუნდ ფროიდი პირველი მეცნიერია, რომელმაც ამ კვანძის გახსნა სცადა.
ფსიქოანალიზი მკურნალობის მეთოდად ჩამოყალიბდა, მაგრამ მაშინვე ფსიქოლოგიური ფაქტების მიღების საშუალებად იქნა აღქმული და ფსიქოლოგიური სისტემის შექმნის საფუძვლად გადაიქცა.
პაციენტების თავისუფალი ასოციაციების ანალიზმა ფროიდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ზრდასრული პიროვნების ავადმყოფობები ბავშვობის განცდებზე დაიყვანება. ფროიდის მიხედვით ბავშვურ განცდებს სექსუალური ბუნება გააჩნიათ. ეს დედის ან მამის მიმართ სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობაა, ეჭვიანობაა ძმის ან დის მიმართ და ა.შ. ფროიდი თვლიდა, რომ ამგვარი გამოცდილება გაუცნობიერებელ გავლენას ახდენს მოზრდილი ადამიანის შემდგომ ქცევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოანალიზის მეთოდი მოზრდილ ცდის პირებზე მუშავდებოდა და ბავშვების გამოკვლევისათვის მნიშვნელოვან სრულყოფას მოითხოვდა, ფროიდის მიერ მიღებული მონაცემები პიროვნების განვითარებაში ბავშვური გამოცდილების განმსაზღვრელ როლზე მიუთითებდნენ. გამოკვლევების ჩატარებისას ფროიდი განცვიფრებული იყო პაციენტების უუნარობით გაეგოთ თავიანთი მოგონებების, თავისუფალი ასოციაციებისა და სიზმრების მნიშვნელობა. იმას, რაც ნათელი იყო თავად ფროიდისათვის, პაციენტები კატეგორიულად უარყოფდნენ. პაციენტები ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ კოორდინატთა ერთ სისტემაში, მაშინ როდესაც მათი ცხოვრების მეორე პლასტს – არაცნობიერის დონეს – მათი ქცევის უკიდურესად მნიშვნელოვან დეტერმინანტს, ისინი როგორც არარსებულს ისე უარყოფდნენ. მხოლოდ მრავალი ფსიქოანალიტიკური სეანსის შემდეგ ხვდებოდნენ პაციენტები იმის გაუცნობიერებელ მნიშვნელობას, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ. სწორედ ქცევის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი, გაუცნობიერებელი დეტერმინანტები გახდა ფროიდის კვლევის საგანი. ფროიდის მიერ აღმოჩენილი ორი საწყისი – არაცნობიერი და სექსუალური – შეადგენენ ფსიქოანალიზის თეორიული საფუძვლის კონცეფციას. კვლევის საწყის ეტაპზე ფროიდი ფსიქიკურ ცხოვრებას არაცნობიერის, ცნობიერებამდელის და ცნობიერის სფეროებად ჰყოფდა. ის ქცევისთვის მოტივაციური ძალის მიმნიჭებელი ინსტიქტური მუხტის წყაროდ სექსუალური ენერგიით გაჯერებულ არაცნობიერს თვლიდა. ფროიდმა მას ..ლიბიდო” უწოდა. ეს სფერო საზოგადოების მიერ დაწესებული აკრძალვების გამო ცნობიერებისთვის დახურულია. ცნობიერებამდელ სფეროში ფსიქიკური განცდები და სახეებია თავმოყრილი, რომლებიც შემეცნების საგნებად ადვილად შეიძლება გადაიქცნენ. ცნობიერება პასიურად კი არ ასახავს არაცნობიერ სფეროში არსებულ პროცესებს, არამედ მუდმივი ანტაგონიზმის, სექსუალური ლტოლვის ჩახშობის აუცილებლობით გამოწვეული კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება მათთან. თავდაპირველად სწორედ ამ სქემით აიხსნებოდა ნევროტიკების ქცევის ანალიზის შედეგად მიღებული კლინიკური ფაქტები.
მოგვიანებით შრომებში, ,,მე”, ,,იგი”, და ,,სიამოვნების მეორე მხარე” ფროიდმა ადამიანის პიროვნების სხვაგვარი მოდელი შემოგვთავაზა. ის ამტკიცებდა, რომ პიროვნება სამი ძირითად კომპონენტისაგან შედგება: ,,იგი”, ,,მე” და ,,ზე-მე”. ,,იგი” ინსტიქტების მატარებელი უმარტივესი კომპონენტი – ,,ლტოლვათა მოთუხთუხე ქვაბია”. ,,იგი” – ირაციონალური და არაცნობიერია და ემორჩილება სიამოვნების პრინციპს. ,,მე” ინსტანცია – რეალობის პრინციპს ემორჩილება და გარემომცველი სამყაროს პრინციპებს, თვისებებსა და თანაფარდობებს ითვალისწინებს. ,,ზე-მე” – მორალური ნორმების მატარებელია და პიროვნების კრიტიკოსისა და ცენზორის როლს ასრულებს. თუ ,,მე” ,,იგი”-ს სასარგებლო, მაგრამ ,,ზე-მეს”-ს არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ის (,,მე”) ისჯება დანაშაულის გრძნობის განიცდით სინდისის ქეჯნის სახით. რადგანაც ,,იგი”-ს, ,,ზე-მე”-ს და რეალობის მოთხოვნები ,,მე”-ს მიმართ შეუთავსებელია, ,,მე”-ს ყოფნა კონფლიქტის სიტუაციაში გარდაუვალია, რაც აუტანელ დაძაბულობას ქმნის და პიროვნება თავის დაცვას ცდილობს სპეციალური ,,დამცველი მექანიზმებით” ისეთებით მაგ., როგორებიცაა გამოდევნა, პროექცია, რეგრესია, სუბლიმაცია. გამოდევნა ცნობიერებიდან გრძნობების, აზრების და მოქმედების მისწრაფების არათავისთავად ჩამოშორებას ნიშნავს. პროექცია სხვა პიროვნებაზე საკუთარი სიყვარულის ან სიძულვილის აფექტური განცდების გადატანაა. რეგრესია აზროვნების ან ქცევის უფრო პრიმიტიულ დონეზე ჩამოქვეითებაა. სუბლიმაცია ერთ-ერთი მექანიზმია, რომლის საშუალებითაც აკრძალული სექსუალური ენერგიის გადატანა ხდება ინდივიდისთვის და მისი გარემომცველი საზოგადოებისთვის მისაღებ ქცევის ფორმებში.
ფროიდის მიხედვით პიროვნება ურთიერთაღმძვრელი და ურთიერთ შემაკავებელი ძალების ურთიერთქმედებაა. ფსიქოანალიზი სწავლობს ამ ძალების ბუნებას და იმ სტრუქტურას, რომლის შესაბამისადაც ეს რეციპროკნული ურთიერთქმედებები ხორციელდება. პიროვნების დინამიკა ინსტიქტების მოქმედებით განისაზღვრება. ისინი ოთხი კომპონენტისაგან შედგება: 1) განზრახვა; 2) მიზანი, ანუ მიღწეული დაკმაყოფილება; 3) ობიექტი, რომლის საშუალებითაც შეიძლება მიზანი მიღწეული იქნას; 4) წყარო, რომელშიც განზრახვა იბადება; საკმარისია ამ ჯაჭვიდან რთი რომლიმე რგოლის ამოვარდნა და პიროვნების ნებელობითი აქტი განუხორციელებელი რჩება, რაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობის წარმომშობი ძლიერი ფაქტორია.
პიროვნების განვითარების შესახებ ფსიქოანალიზის ერთ-ერთი უმთავრესი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ძირითადი ადამიანური მოტივი სექსუალორობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ფროიდს სექსუალორობა ძალიან ფართო გაგებით ესმოდა. მისი გაგებით სექსუალურობა ის ყველაფერია, რასაც სხეულებრივი სიამოვნება მოაქვს. პატარა ბავშვისთვის ეს ალერსი, შეხება, მოფერება, მოხვევა, კოცნა, წოვისგან მიღებული სიამოვნება, სწორი ნაწლავის დაცლა, თბილი აბაზანის მიღება და ბევრი სხვა რამაა, რომელთა გარეშეც სიცოცხლე შუძლებელია და რომლებსაც ყოველი ჩვილი ამა თუ იმ დოზით მუდმივად იღებს დედისაგან.
ბავშვობაში სექსუალური გრძნობები ძალიან ზოგადი და დიფუზურია. ინფანტილური სექსუალურობა მოზრდილთა სექსუალურობის წინამორბედია, მაგრამ არასდროს სრულად არ განსაზღვრავს მოზრდილის სექსუალურ განცდებს. სექსუალურ ლტოლვა ფროიდის მიხედვით ამბივალენტური ხასიათისაა. არსებობს სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტიქტები, შესაბამისად პიროვნებისთვის კონსტრუქტიული და დესტრუქტიული ტენდენციები თავიდანვე დამახასიათებელია. ფსიქიკის სექსუალური თეორიის შესაბამისად ფროიდს ადამიანის ფსიქიკური განვითარების ყველა სტადია სექსუალური ანუ ლიბიდოზური ენერგიის სხვადასხვა ეროგენულ ზონებზე გადაადგილების და გარდაქმნის სტადიებზე დაჰყავს.
ეროგენული ზონები სტიმულისადმი მგრძნობიარე სხეულის ნაწილებია და თუ ისინი სტიმულირებულია იწვევენ ლიბიდოზური გრძნობების დაკმაყოფილებას. ყოველ სტადიას თავისი ლიბიდოზური ზონა შეესაბამება, რომელთა აგზნება ლიბიდოზურ სიამოვნებას ქმნის. ამ ზონების გადაადგილება ფსიქიკური განვითარების სტადიების თანმიმდევრობას ქმნის. ამრიგად, ფსიქოანალიტიკური სტადიები – ფსიქიკური გენეზის სტადიებია ბავშვის ცხოვრების განმავლობაში. მათში ასახულია ,,იგი”-ს, ,,მე”ს და ,,ზე-მე”-ს განვითარება და ურთიერთგავლენა.
ორალური სტადია (0-1 წელი). ორალური სტადია იმით ხასიათდება, რომ სიამოვნების და შესაბამისად პოტენციური ფრუსტრაციის ძირითადი წყარო კვებასთან დაკავშირებულ აქტიობის ზონაზეა კონცენტრირებული. ორალური სტადია ორი ფაზისგან შედგება – ადრეული და გვიანდელი, რომლებიც ცხოვრების პირველ და მეორე ნახევარწლებს მოიცავენ. ის ხასიათდება ორი თანმიმდევრული ლიბიდოზური მოქმედებით (წოვა და კბენა). ამ სტადიაზე წამყვანი ეროგენული ზონა პირია – კვების, წოვის და საგნების პირველადი კვლევის იარაღი. ფროიდის მიხედვით წოვა ბავშვის სექსუალური გამოვლინების ტიპია. ჩვილს, რომ საკუთარი განცდების გამოხატვა შეეძლოს ის იტყოდა, რომ ,,დედის ძუძუს წოვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში”.
თავდაპირველად წოვა საკვებით ტკბობასთანაა დაკავშირებული. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ წოვა ლიბიდოზურ მოქმედებად იქცევა, რომლის საფუძველზედაც ხდება ,,იგი”-ს ინსტიქტების დამაგრება. ბავშვი ხანდახან საკვების არარსებობის შემთხვევაშიც წოვს მაგ., თავის ცერა თითს. სიამოვნების ეს ტიპი ფროიდის სწავლებაში სექსუალურ სიამოვნებას ემთხვევა და თავისი დაკმაყოფილების საგანს საკუთარი სხეულის სტიმულირებაში პოულობს. ამიტომ ამ სტადიას ის ავტოეროტიულს უწოდებს. ფროიდი თვლიდა, რომ სიცოცხლის პირველ 6 თვეში ბავშვი თავის შეგრძნებებს ვერ გამოჰყოფს მათი გამომწვევი ობიექტისაგან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვის სამყაროში ობიექტები არ არსებობს. ბავშვი ცხოვრობს პირველყოფილი ნარცისიზმის მდგომარეობაში და სამყაროში სხვა ობიექტების არსებობას ვერ აცნობიერებს. გლობალური ბაზისული ნარცისული მდგომარეობა ძილია, როდესაც ჩვილი სითბოს გრძნობს და არავითარი ინტერესი არ გააჩნია გარემომცველი სამყაროსადმი. ჩვილობის ასაკის მეორე ფაზაში ბავშვს სხვა (დედის), როგორც მისგან დამოუკიდებელი ობიექტისადმი, ეწყება ინტერესის ფორმირება. შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ბავშვი აფორიაქებულია, როდესაც დედა მიდის ან როდესაც მის ადგილს უცნობი ადამიანი იკავებს.
ფროიდის მიხედვით ადამიანის მუცლად ყოფნის პერიოდი სხვა ცხოველებთან შეფარდებით შემოკლებულია. ქვეყანას ის ნაკლებად მომზადებული ევლინება ვიდრე სხვა ცხოველები. ამის გამო ძლიერდება რეალური გარე სამყაროს გავლენა, ვითარდება ,,მე”-ს და ,,იგი”-ს დიფერენციაცია, იზრდება საფრთხეები გარემომცველი სამყაროს მხრიდან და განუსაზღვრელად იზრდება იმ ობიექტის მნიშვნელობა, რომელსაც ამ საფრთხეებისაგან მისი დაცვა შეუძლია და თითქოს ჩვილს მუცლადყოფნის დაკარგულ პერიოდს უნაზღაურებს. ეს ობიექტი დედაა. დედასთან ბიოლოგიური კავშირი იწვევს იმის მოთხოვნილებას, რომ უყვარდეთ, რაც შემდგომში არასდროს არ ტოვებს ადამიანს. ცხადია, დედას პირველივე მოთხოვნაზე არ შეუძლია ჩვილის ყველა სურვილის დაკმაყოფილება. ყველაზე სრულყოფილი მოვლის დროსაც კი შეზღუდვები გარდაუვალია. სწორედ ეს შეზღუდვები წარმოადგენენ ობიექტის დიფერენცირების, გამოყოფის წყაროს. ამრიგად, ფროიდის შეხედულებების მიხედვით, სიცოცხლის დასაწყისში შინაგანსა და გარეგანს შორის განსხვავებულობა მიიღწევა არა ობიექტური რეალობის აღქმით, არამედ სხვა ადამიანის მოქმედებებთან დაკავშირებული სიამოვნებებისა და უსიამოვნებების განცდით.
ორალური სტადიის მეორე ნახევარში კბილების გაჩენასთან ერთად წოვას კბენა ემატება, რაც მოქმედებას აგრესიულ ხასიათს აძლევს და ბავშვის ლიბიდოზურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. დედა ბავშვს მკერდზე კბენის საშუალებას არ აძლევს. ამრიგად სიამოვნებისკენ სწრაფვა რეალობასთან კონფლიქტში მოდის. ფროიდის მიხედვით ახალშობილს ,,მე” არ გააჩნია. ეს ფსიქიკური ინსტანცია თანდათანობით დიფერენცირდება მისი ,,იგი”-სგან. ,,მე” ინსტანცია რალური სამყაროს პირდაპირი გავლენით მოდიფიცირებული ,,იგი”-ს ნაწილია. ,,მე” ინსტანციის ფუნქციონირება დაკავშირებულია პრინციპთან ,,დაკმაყოფილების არ არსებობის დაკმაყოფილება”. როგორც ავღნიშნეთ ბავშვის მიერ გარე სამყაროს საგნების პირველი შეცნობა დედის საშუალებით ხდება. დედის არყოფნის შემთხვევაში ბავშვი განიცდის დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობას და ამის გამო იწყებს დედის ცნობას, გამოყოფას, რადგან დედის არყოფნა მისთვის პირველ რიგში სიამოვნების არქონაა. ამ სტადიაზე ჯერ კიდევ არ არსებობს ,,ზე-მე” ინსტანცია და ბავშვის ,,მე” მუდმივი კონფლიქტის მგომარეობაშია მის ,,იგი”-სთან. განვითარების ამ სტადიაზე ბავშვის სურვილების, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დანაკლისი ერთგვარად ,,ყინავს” ფსიქიკური ენერგიის გარკვეულ ნაწილს, ხდება ,,ლიბიდოს” ფიქსაცია, რაც წინ ეღობება შემდგომ ნორმალურ განვითარებას. ბავშვი, რომელიც ვერ იღებს თავისი ორალური მოთხოვნილებების საკმარის დაკმაყოფილებას, იძულებულია ეძებოს ჩანაცვლება მათი დაკმაყოფილებისთვის და ამის გამო ვერ გადადის გენეტიკური განვითარების შემდგომ სტადიაზე.
ზ.ფროიდის ამ იდეებმა ბიძგი მისცა ბავშვის კრიტიკული პერიოდების შესწავლას, რომელთა განმავლობაში იქმნება ხელსაყრელი პირობები ასაკისათვის დამახასიათებელი გენეტიკური ამოცანების გადასაჭრელად. თუ ეს ამოცანები არ იჭრება მაშინ ბავშვს გაცილებით უძნელდება მომდევნო ასაკობრივი პერიოდების ამოცანების გადაჭრა.
ორალურ სტადიაზე ადამიანის ლიბიდოს ფიქსაციისას ფროიდის აზრით ყალიბდება პიროვნების ზოგიერთი თვისება: გაუმაძღობა, სიხარბე, მომთხოვნელობა, ყოველივეთი უკმაყოფილება. მისი წარმოდგენით უკვე ორალურ სტადიაში ადამიანები იყოფა ოპტიმისტებად და პესიმისტებად.
ანალური სტადია (1-3 წელი), ისევე როგორც ორალური ორი ფაზისაგან შედგება. ამ სტადიაზე ლიბიდო ანუსის ირგვლივაა კონცენტრირებული და სიფაქიზის მიჩვევის პერიოდში ბავშვის ყურადღების ობიექტი ხდება. ეხლა ბავშვის სექსუალურობა თავისი დაკმაყოფილების ობიექტს დეფეკაციის, გამოყოფის ფუნქციების დაუფლებაში პოულობს. აქ ბავშვი მრავალ აკრძალვას აწყდება და ამიტომ გარე სამყარო მისთვის იმ ბარიერის შინაარსს იძენს, რომელიც მან უნდა გადალახოს. შესაბამისად ამ დროს განვითარება კონფლიქტურ ხასიათს იძენს. ამ სტადიაზე ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ, რომ ,,მე” ინსტანცია სრულადაა ჩამოყალიბებული და მას შეუძლია ,,იგი”-ს იმპულსების მართვა. ბავშვის ,,მე” ტკობისაკენ მისწრაფებასა და რეალობას შორის წარმოშობილი კონფლიქტების მოგვარებასა და კომპრომისების პოვნას სწავლობს. სოციალური ძალდატანება, მშობლებისაგან დასჯა, მათი სიყვარულის დაკარგვის შიში, აიძულებს ბავშვს გონებაში წარმოიდგინოს, მოახდინოს ზოგიერთი აკრძალვის ინტერიორიზაცია. ასე იწყება ბავშვის ,,მე”-ს ნაწილის – ,,ზე-მე”-ს, ჩამოყალიბება, რომელშიც ძირითადად ავტორიტეტებია წარმოდგენილი, მშობლებისა და იმ მოზრდილი ადამიანების გავლენაა მოცემული, რომლებიც აღმზრდელების რანგში ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ფსიქოანალიტიკოსების აზრით ანალურ სტადიაზე ყალიბდება ხასიათის ისეთი თვისებები, როგორებიცაა: აკურატულობა; სიფაქიზე; პუნქტუალობა; სიჯიუტე; დაფარულობა; აგრესიულობა; დამგროვებლობა; ეკონომიურობა; კოლექციონირებისაკენ მიდრეკილება; ყველა ეს თვისება ბავშვის სხვადასხვაგვარი დამოკიდებულების შედეგია იმ ბუნებრივი, სხეულებრივი პროცესებისადმი, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების მეტყველებამდელ დონეზე, სიფაქიზის მიჩვევის პერიოდში, მისი ყურადღების ობიექტს წარმოადგენდნენ.
ფალიკური სტადია (3-5 წელი) ბავშვური სექსუალურობის უმაღლეს საფეხურს ახასიათებს. წამყვან ეროგენულ ზონებს გენიტალური ორგანოები წარმოადგენენ. ამ სტადიამდე ბავშვური სექსუალურობა აუტოეროტიული იყო, ეხლა კი ის გასაგნდა, ანუ ბავშვები განიცდიან სექსუალურ მიკედლებულობას მოზრდილებისადმი. პირველი ადამიანები, რომლებიც ამ თვალსაზრისით ბავშვის ყურადღებას იქცევენ მშობლებია. საწინააღმდეგო სქესის მშობლისადმი ლიბიდოზურ მიკედლებულობას ზ.ფროიდმა ბიჭებისთვის ოიდიპოსის, ხოლო გოგონებისთვის ელექტრას კომლექსი უწოდა და განსაზღვრა ისინი, როგორც საწინააღმდეგოს სქესის მშობლისადმი ბავშვის მოტივაციურ-აფექტური დამოკიდებულება. ბერძნულ მითში მეფე ოიდიპოსზე, რომელმაც მოკლა მამა და ცოლად შეირთო დედა, ფროიდის აზრით ჩადებულია სექსუალური კომლექსის გასაღები: ბიჭები განიცდიან დედისადმი ლტოლვას, აღიქვამენ მამას, როგორც მეტოქეს, რაც ერთდროულად მათში სიძულვილსაც იწვევს და შიშსაც.
ოიდიპოსის კომლექსის გადაჭრა, ანუ კომლექსისაგან გათავისუფლება ფალიკური სტადიის ბოლოს კასტრაციის შიშის გავლენით ხდება, რაც ფროიდის აზრით აიძულებს ბიჭებს უარი თქვან დედისადმი სექსუალურ ლტოლვაზე და მოახდინონ საკუთარი თავის მამასთან იდენტიფიცირება. ამ კომპლექსის გამოძევების საფუძველზე მთლიანად დიფერენცირდება ინსტანცია ,,ზე-მე”. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის ოიდიპოსის კომპლექსის გადალახვა. ამრიგად ფალიკური სტადიის ბოლოს სამივე ფსიქიკური ინსტანცია ჩამოყალიბებულია და მუდმივ კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება ერთმანეთთან. მთავარ როლს ,,მე” ინსტანცია ასრულებს. ის ინახავს წარსულის მოგონებებს, მოქმედებს რეალისტური აზროვნების საფუძველზე. თუმცა ამ ინსტანციას ეხლა ერთდროულად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა: ,,იგი”-ს დამანგრეველი პრინციპებისა და ,,ზე-მე”-ს სიმკაცრის წინააღმდეგ. ამ პირობებში წარმოქმნილი შფოთვის მდგომარეობა ბავშვისთვის სიგნალია, რომელიც აფრთხილებს მას შინაგანი და გარეგანი საფრთხეების თაობაზე. ამ ბრძოლაში ,,მე”-ს დაცვის მექანიზმები გამოდევნა და სუბლიმაცია ხდება. ზ.ფროიდის მიხედვით ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდებო 5 წლამდე სრულდება. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება პიროვნების მთავარი სტრუქტურები. ფროიდის მიხედვით ფალიკური სტადია ხელს უწყობს პიროვნების ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: თვითდაკვირვება; კეთილგონიერება; რაციონალური აზროვნება, მოგვიანებით კი მამაკაცური ქცევის უტრირება გაძლიერებული აგრესიით.
ლატენტური სტადია (5-12 წელი) სქესობრივი ინტერესის დაქვეითებით ხასიათდება. ,,მე” ფსიქიკური ინსტანცია მთლიანად აკონტროლებს ,,იგი”-ს მოთხოვნილებებს. სექსუალური მიზნისგან მოწყვეტილი ლიბიდოს ენერგია მეცნიერებაში და კულტურაში არსებულ ზოგადსაკაცობრიო გამოცდილების ათვისებაზე გადადის, ოჯახური წრის გარეთ თანატოლებთან და მოზრდილებთან მეგობრული ურთიერთობები მყარდება.
გენიტალური სტადია (12-18 წელი) ხასიათდება ბავშვური სექსუალური მისწრაფებების დაბრუნებით. ყველა ყოფილი ეროგენული ზონა ერთიანდება და მოზარდი ზ.ფროიდის აზრით ერთი მიზნისაკენ – ნორმალური სექსუალური ურთიერთობისკენ მიისწრაფის. თუმცა ნორმალური სექსუალური ურთიერთობის განხორციელება შეიძლება გაძნელებული იყოს და მაშინ გენიტალური სტადიის განმავლობაში შეიძლება დავაკვირდეთ განვითარების რომელიმე წინამორბედი სტადიის მიმართ ფიქსაციის ან რეგრესიის ფენომენს ამ სტადიებისთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურებით. ამ სტადიაზე ,,მე” ინსტანცია კვლავ უნდა ებრძოლოს ხელახლა გამოვლენილ ,,იგი”-ს აგრესიულ იმპულსებს. ასე მაგ., ამ ეტაპზე შეიძლება კვლავ წარმოიქმნას ოიდიპოსის კომპლექსი, რომელიც მოზარდს ჰომოსექსუალიზმისკენ, ურთიერთობისთვის თავისევე სქესის პირების არჩევისკენ უბიძგებს. ,,იგი”-ს აგრესიულ იმპულსებს რომ ებრძოლოს ,,მე” ინსტანცია დაცვის ორ ახალ მექანიზმს იყენებს. ესენია ასკეტიზმი და ინტელექტუალიზაცია. ასკეტიზმი შინაგანი აკრძალვების დახმარებით ამუხრუჭებს ამ ფენომენს, ხოლო ინტელექტუალიზაციას ის წარმოსახვამდე დაჰყავს და მოზარდს ამ აკვიატებული სურვილებისაგან განთავისუფლების საშუალებას აძლევს.
როდესაც ბავშვი მოზრდილი ხდება მისი ხასიათი ,,მე”-ს, ,,იგი”-სა და ,,ზე-მე”-ს განვითარების და ურთიერთქმედების პროცესებით განისაზღვრება. ფროიდის მიხედვით, ნორმალური განვითარება სუბლიმაციის მექანიზმით ხორციელდება, ხოლო განვითარება, რომელიც გამოდევნის, რეგრესიის ან ფიქსაციის მექანიზმით ხორციელდება, პათოლოგიურ ხასიათებს წარმოშობს.
აღწერილია ამ სტადიაზე ჩამოყალიბებული ყველაზე მკვეთრად გამოხატული ხასიათის ორი ტიპი: ფსიქიკური ჰომოსექსუალიზმი და ნარცისიზმი. ფსიქოანალიზში ფსიქიკურ ჰომოსექსუალიზმს ყოველთვის არ განიხილავენ როგორც უხეშ სქესობრივ გაუკუღმართებას. ის შეიძლება ქცევის ისეთი ფორმები იყოს, რომელშიც სხვა სქესის მიმართ სიყვარული ჩანაცვლებულია ამხანაგური მიკედლებულობით, მეგობრობით, თავისივე სქესის პირთა გარემოცვაში საზოგადოებრივი საქმიანობით. ასეთი ადამიანები თავის ცხოვრებასა და ქცევაში ოჯახზე წინ საზოგადოებას აყენებენ და თავისივე სქესის ადამინთა კომპანიაში მჭიდრო სოციალურ კავშირებს ქმნიან. სექსუალური ხასიათის მეორე ტიპი ნარცისიზმია. ის იმით ხასიათდება, რომ პიროვნების ლიბიდო თითქოს გამოყოფილია ობიექტისაგან და საკუთარი თავისკენაა მიმართული. ნარცისული პიროვნება თავს საკუთარი სექსუალური ზრახვების ობიექტად განიხილავს. მისთვის სიამოვნების გარე ობიექტები მეორე პლანზეა გადანაცვლებული და მთავარი ადგილი თვითდაკმაყოფილებას და თვითკმაყოფილებას უჭირავს. მსგავსი ხასიათები ყურადღებას, მოქმედებებს, განცდებს უპირატესად თავისივე თავისკენ მიმართავენ.
საინტერესოა რაში მდგომარეობს თანამედროვე ფსიქოლოგიაზე ზ.ფროიდის უდიდესი გავლენის საიდუმლო?
პირველ რიგში ეს განვითარების დინამიური კონცეფციაა, მეორე რიგში კი თეორია, რომელმაც გვიჩვენა, რომ ადამიანის განვითარებისთვის მნიშვნელობა სხვა ადამიანს აქვს და არა საგნებს, რომლებიც მას გარს აკრავს. თანამედროვე ამერიკელი ფსიქოლოგების ჯ.უოტსონისა და გ.გიდგრენის სიტყვებით ფროიდმა თავის საუკუნეს გაუსწრო და დარვინის მსგავსად თავისი დროის საღი აზრის ვიწრო, რიგიდული საზღვრები მოშალა, რითაც გზა გაუკვალა ადამიანის ქცევის შესწავლის თეორიას. ,,ზ.ფროიდის მოძღვრების არაჩვეულებრივი განვითარებაიმ – და ჩვენ არ შევცდებით თუ ამ თეორიას წარმატებულს ვუწოდებთ – წერდა ფროიდის თანამედროვე ოსვალდ ბიუმკე – მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ოფიციალური მეცნიერება ასე შორსაა რეალობისგან; როგორც ჩანს მან ისე მცირედი იცოდა ჭეშმარიტ სულიერ განცდებზე, რომ ,,სულიერ ცხოვრებაზე” რაიმეს გაგების მსურველს პურის მაგიერ ქვას აწოდებდა”. `ძველი, ,,მოზაიკური” ექსპერიმენტალური ფსიქოლოგია სულიერი ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ ელემენტებს სწავლობდა და სავსებით არ აინტერესებდა რეალური ადამინის პიროვნებასთან მათი ფუნქციონალური ერთობის საკითხი; ის თითქმის არ სწავლობდა მის საქციელს, ქცევებს, რთულ განცდებსა და დინამიკას”– წერდა ა.ლურია

კლასიკური ფსიქოანალიზის განვითარება ანა ფროიდის შრომებში

ანა ფროიდი ზიგმუნდ ფროიდის შვილია. ანა ფროიდმა განაგრძო და განავითარა ფსიქოანალიზის კლასიკური თეორია და პრაქტიკა. მან პედაგოგიური განათლება მიიღო და მუშაობდა იმ სკოლაში, რომელშიც მამამისის პაციენტების შვილები სწავლობდნენ, ხოლო 1923 წელს საკუთარი ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა დაიწყო. ანა ფროიდი მრავალი ნაშრომის ავტორია, რომლებიც ბავშვის განვითარების კანონზომიერებებს, ბავშვის განვითარებისა და სწავლების თანმხლებ პრობლემებს ეხება. ამ ნაშრომებში განხილულია ნორმალური განვითარების დარღვევის მიზეზები და მათი კომპენსაციის გზები.
ნაშრომში ,,ბავშვის განვითარების ნორმა და პათოლოგია” (1965 წ.) ა.ფროიდმა ბავშვებისადმი ფსიქოანალიტიკური ინტერესის საფუძვლები წარმოადგინა. ის წერდა, რომ მრავალმა ანალიტიკოსებმა მამამისის წიგნის – ,,სამი ნარკვევი ბავშთა სექსუალურობაზე” (1905 წ.) გამოსვლის შემდეგ, დაიწყეს საკუთარ ბავშვებზე დაკვირვება და დაადასტურეს ზ.ფროიდის მიერ შემჩნეული ბავშვის განვითარების თავისებურებები: ბავშვური სექსუალურობა, ოიდიპოსის და კასტრაციული კომპლექსები. 20-30-იან წლებშიA ვენის ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი საბავშვო ბაღის ამღზრდელებსა და მასწავლებლებს სწორედ ამ მიმართულებით ამზადებდა. ამავე პერიოდში ცნობილი ფსიქოანალიტიკოსები (ა.აიხორნი, ს.ბერნფელდი და სხვ.) დაკვირვებას აწარმოებდნენ უპატრონო ბავშვებზე და მცირეწლოვან სამართალდამრღვევებზე. მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდგომ, ეს გამოკვლევები სპეციალიზირებულ დაწესებულებებში გრძელდებოდა და უშუალოდ უდედმამო ჩვილებზე და ადრეული ასაკის ბავშვებზე ხორციელდებოდა. ბავშვობის ფსქოანალიტიკურ შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვით რ.სპიცს, ჯ.ბოულის, მ.რიბლის და სხვ. თეორიულ იდეებს ავითარებდნენ ე.კრიზი და ხ.ჰარტმანი.
რჩება რა კლასიკური ფსიქოანალიზის მიმდევრად ანა ფროიდი პიროვნებას მდგრად შემადგენელ ნაწილებად ჰყოფს: არაცნობიერი ანუ ,,იგი”, ,,მე”, ,,ზე-მე”; ინსტიქტური მხარე თავის მხრივ სექსუალურ და აგრესიულ მდგენელებად იყოფა (ბიპოლარულობის ფსიქოანალიტიკური კანონი). სექსუალური ინსტიქტის განვითარება, როგორც კლასისიკურ ფსიქოანალიზში აქაც ლიბიდოზური ფაზების (ორალური, ანალური, ფალიკური, ლატენტული, პუბერტეტამდელი, პუბერტეტული) თანმიმდევრობით აიხსნება. აგრესიულობის განვითარების შესაბამისი ფაზები ქცევის ისეთ ფორმებში ვლინდება, როგორიცაა: კბენა, ფურთხება, კბილებით ჩაჭიდება (ორალური აგრესიულობა); ნგრევა და სისასტიკე (ანალური სადიზმის გამოვლინება); ძალაუფლების მოყვარეობა, ტრაბახი, ამპარტავნობა (ფალიკურ სტადიაზე); დისოციალური საწყისები (პუბერტეტულამდელ და პუბერტეტულ სტადიებში). ,,მე” ინსტანციის განვითარებაში ანა ფროიდი ასევე გამოჰყოფს დამცავი მექანიზმების განვითარების მიახლოებით ქრონოლოგიას: გამოდევნა, რეაქტიული წარმონაქმნები, პროექცია და გადატანები, სუბლიმაცია, გახლეჩა, რეგრესია და სხვ. ანა ფროიდი ,,ზე-მე”-ს ანალიზისას აღწერს მშობლებთან იდენტიფიკაციას და მშობლის ავტორიტეტის ინტერიორიზაციას. მისი აზრით ბავშვის განვითარების ყოველი ფაზა შინაგანი ინსტიქტური ლტოლვებსა და გარე სოციალური გარემოცვის მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებს შორის კონფლიქტის შედეგია.
ანა ფროიდი თვლის, რომ ფაზების გავითვალისწინებთ შესაძლებელია ბავშვების ცხოვრების უსასრულოდ დიდი რაოდენობის სფეროებისთვის განვითარების ხაზების აგება. სწორედ ა.ფროიდის დამსახურებაა ბავშვის განვითარების ისეთი ხაზების აგება, როგორებიცაა: კვების ხაზის განვთარება ჩვილობიდან დაწყებული მოზრდილობამდე (კვების გაცნობიერებული ჩვევა); სიფაქიზის განვითარების ხაზები მოზრდილის პირველდაწყებითი აღმზრდელობითი პროგრამიდან გამოყოფის ფუნქციების ავტომატურ დაუფლებამდე; ფიზიკური განვითარების ხაზი; უფროსებისადმი დამოკიდებულების ხაზი და ა.შ. ფსიქოანალიზში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განვითარების ხაზს ინფანტილური დამოკიდებულებიდან ზრდასრულობის სქესობრივ ცხოვრებამდე.
დიაგნოზის დასმისთვის და რეკომენდაციების მომზადებისთვის ბავშვის აღზრდის პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად ა.ფროიდის აზრით მნიშვნელოვანია არამარტო განვითარების რომელიმე შესაბამისი ხაზით მიღწეული დონეების გამოვლენა, არამედ განვითარების ყველა ხაზს შორის არსებული თანაფარდობის დადგენა. ამასთანავე, აღნიშნავდა ის, სხვადასხვა ხაზებს შორის განსხვავებები, დისჰარმონია, არ უნდა განვიხილოთ როგორც პათოლოგიური მოვლენები, რადგანაც შეუთანხმებლობა განვითარების ტემპში, რომლებიც ადამიანებს ადრეული ბავშვობიდან ახასიათებთ, შესაძლებელია მხოლოდ ვარიაციები იყოს ნორმის ფარგლებში. მის მიერ განვითარების მაჩვენებლებად ქრონოლოგიური ასაკი კი არ განიხილება, არამედ განვითარების საფეხურები მოუმწიფებლობიდან ზრდასრულობამდე. თუ ზრდა მაღალი საფეხურისკენ პროგრესული გადანაცვლებით ხორციელდება, ბავშვის ნორმალური განვითარება ა.ფროიდის აზრით, თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ კი არ ხდება, არამედ ნახტომებით მიმდინარეობს წინ და კვლავ უკან ბრუნდება პროგრესული და რეგრესული პროცესების მუდმივი მონაცვლეობის გამო. ბავშვები თავის განვითარებაში თითქოსადა ორ ნაბიჯს წინ დგამენ და ერთს უკან.
კლასიკური ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით, რომელიც უპირველეს ყოვლისა ცნობიერებისგან დაფარულ ფსიქიკურ მოვლენებს შეისწავლიდა, ა.ფროიდმა პიროვნების ,,მე” ინსტანციის შესწავლით ბავშვების ფსიქოანალიტიკურ კვლევაში, ზ.ფროიდის დებულებები ცნობიერების სფეროზე გაავრცელა. ა.ფროიდი ბავშვურ განვითარებას განიხილავს, როგორც ბავშვის თანდათანობითი სოციალიზაციის პროცესს, რომელიც სიამოვნების პრინციპიდან რეალობის პრინციპზე გადასვლის კანონს ემორჩილება.
ახლადდაბადებულმა, მისი აზრით, მხოლოდ ერთი კანონი იცის, კერძოდ სიამოვნების პრინციპი, რომელსაც მისი ყველა გამოვლინება ბრმად ემორჩილება. თუმცა, ისეთი სხეულებრივი მოთხოვნილებების განსახორციელებლად, როგორებიცაა: შიმშილი, ძილი, ტემპერატურული რეგულიაცია, ჩვილი მთლიანად მის მომვლელზეა დამოკიდებული. სიამოვნების ძიება ბავშვის ,,შინაგანი პრინციპია”, სურვილების დაკმაყოფილება კი გარემომცველ რეალობაზეა დამოკიდებული.
დედა ასრულებს ან უარყოფს ბავშვის სურვილებს და ამ როლის გამო ბავშვისთის არამარტო სიყვარულის პირველი ობიექტი არამედ მისი ქცევის პირველი კანონმდებელიც ხდება. ანა ფროიდის აზრით ფსიქოანალიზის ყველაზე ადეულ აღმოჩენად, ანუ ზრდასრული პაციენტების კვლევის შედეგს, ის ფაქტი წარმოადგენს, რომ დედის განწყობა ბავშვზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს. ბავშვებზე დაკვირვებები კვლავ ადასტურებენ, რომ დედის ინდივიდუალური მიდრეკილებები და ანტიპათიები არსებით გავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე. ,,ყველაზე სწრაფად ვითარდება ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონს დედას და რასაც ყველაზე აღტაცებით ღებულობს, განვითარების პროცესი შეფერხებულია იქ სადაც დედა გულგრილია ან არ ამჟღავნებს თავის მხარდაჭერას” – შენიშნავს ანა ფროიდი.
უსუსურობის მიუხედავად ბავშვი ძალიან ადრე ახერხებს დედის მიმართ გარკვეული დამოკიდებულების გამომჟღავნების სწავლას. უკვე ამ ადრეულ ასაკში შეიძლება განვასხვავოთ დამჯერე, ,,კარგი” – ადვილად სამართავი და მოუთმენელი, თავნება – ,,მძიმე” ბავშვები, რომლებიც მათთვის დაწესებული ყოველი შეზღუდვის მიმართ მძაფრ პროტესტს გამოთქვამენ. რაც უფრო დამოუკიდებელი ხდება ბავშვი კვებასთან, ძილთან და ა.შ. მიმართებაში, მისი სხეულებრივი მოთხოვნილებები მით უფრო უკანა პლანზე გადაინაცვლებენ და ახალ ინსტიქტიურ სურვილებს უთმობენ ადგილს. ბავშვი მათი დაკმაყოფილებისკენ მიისწრაფის იგივე ზრახვით, რითაც ადრე, შიმშილის გრძნობის დროს, გაძღომას ცდილობდა. Dაი ის კვლავ შეზღუდვებს ეჯახება, რომლებსაც მას გარემო უწესებს. ცხადია, ბავშვი გაუცნობიერებლად, დაუყოვნებლივ, გარე მოვალეობების გათვალისწინების გარეშე, ცდილობს თავისი ინსტიქტური მიზნების განხორციელებას, რაც შეიძლება სახიფათო გახდეს მისი სიცოცხლისათვის. ამიტომ მოზრდილი, ბავშვის სურვილის მიუხედავად, იძულებულია შეზღუდოს ის. შინაგანსა და გარეგანს შორის – სიამოვნებისკენ სწრაფვასა და რეალობას შორის არსებული შეუსაბამობის გამო ამ ასაკის ყველა ბავშვი, ა.ფროიდის აზრით – გარე სამყაროს მუდმივ სიძნელეებშია ,,გახლართული”. შესაბამისად ისინი ჯიუტები, უხეშები და გაუგონრები არიან.
ა.ფროიდის აზრით ბავშვის შანსი ფსიქიკურად ჯანმრთელი დარჩეს ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად აქვს უნარი მის ,,მე”-ს გაუძლოს ყველა აკრძალვას, ანუ გადალახოს დაუკმაყოფილებლობა. ზოგირთი ბავშვისთვის ყოვლად მიუღებელია სურვილის დაკმაყოფილების ნებისმიერი აკრძალვა ან გადავადება. ის ამაზე რისხვის, მძვინვარების, მოუთმენლობის რეაქციით პასუხობს. არაფერს არ შეუძლია მათი დაკმაყოფილება, ნებისმიერ ჩანაცვლებას ისინი, როგორც არასაკმარისს ისე უარყოფენ. სხვა ბავშვებში იგივე შეზღუდვები აღნიშნულ მძაფრ რეაქცვიებს და აღშფოთებას არ იწვევს. საინტერესოა, რომ ძალიან ადრე წარმოქმნილი ასეთი განწყობები, მრავალი წლის განმავლობაშია შენარჩუნებული. ა.ფროიდი ბავშვს მოუმწიფებლად თვლის მანამ, სანამ ინსტიქტური სურვილები და მათი განხორციელება მასსა და მის გარემოცვას შორის ისეა განაწილებული, რომ სურვილები ბავშვის მხარეს რჩება, ხოლო გადაწყვეტილება მათ დაკმაყოფილებაზე ან უარზე – გარე სამყაროს მხარეს. ამ მორალური დამოკიდებულობისგან, რაც ბავშვობისთვის სავსებით ნორმალურია, იწყება გრძელი და ძნელი გზა ნორმალური ზრდასრული მდგომარეობის მისაღწევად, როცა ზრდასრული ადამიანი ხდება ,,მოსამართლე თავის საქმეში” და უნარი აქვს აკონტროლოს საკუთარი ზრახვები, დაუქვემდებაროს ისინი გონიერ ანალიზს და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა ამა თუ იმ ზრახვაზე უარის თქმა, მისი შეწყვეტა ან მოქმედებად გადაქცევა. ასეთი მორალური დამოუკიდებლობა მრავალრიცხოვანი შინაგანი შეჯახებების შედეგია.
ადრეულ ბავშვობაში სიამოვნების პრინციპი შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე არსებობს. შედარებით უფროს ბავშვებში ის კვლავ ფლობს ფსიქიკის ისეთ მხარეებს, როგორებიცაა ფანტაზიის, სიზმრის და ა.შ. გაუცნობიერებელი და ნაწილობრივ გაცნობიერებული მხარეები. ის ვინც იმყოფება სიამოვნების პრინციპის გავლენის ქვეშ თავის ქცევაში მხოლოდ სიამოვნების დაკმაყოფილების სურვილით ხელმძღვანელობს. ა.ფროიდის თქმით მხოლოდ რეალობის პრინციპი ქმნის სივრცეს გადავადებისთვის, შეფერხებისთვის, სოციალური გარემოცვისა და მისი მოთხოვნების გათვალისწინებისთვის. ამის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიამოვნების პრინციპი და დესოციალური ან ასოციალური ქცევა ისევე მჭიდროდაა გადანასკვული ერთმანეთზე, როგორც რეალობის პრინციპი და შემდგარი სოციალიზაცია. მაგრამ ეს არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ა.აიხორნმა შენიშნა რომ უპატრონო ბავშვებს და მცირეწლოვან დამნაშავეებს რეალობის პრინციპის განვითარების მაღალი ხარისხის მიღწევა შეუძლიათ, ისე რომ მას სოციალიზაციაში არ იყენებენ. სიამოვნების პრინციპიდან რეალობის პრინციპზე გადასვლა ინდივიდის სოციალიზაციის მხოლოდ წინაპირობაა. რეალობის პრინციპისკენ წინსვლა თავისთავად იმის არავითარ გარანტიას არ იძლევა, რომ ინდივიდი სოციალურ მოთხოვნებს დაემორჩილება.
ა.ფროიდის აზრით ბავშვური ცხოვრების თითქმის ყველა ნორმალური ელემენტები, განსაკუთრებით ისეთები, როგორებიცაა: სიხარბე, შურიანობა, ეჭვიანობა, სხვისი სიკვდილის სურვილი – ბავშვს დესოციალურობისკენ უბიძგებენ. სოციალიზაცია მათგან დაცვაა. ზოგიერთი ინსტიქტიური სურვილები ცნობიერებიდან გამოიდევნება, სხვები თავის საპირისპიროში გადადის (რეაქციული წარმონაქმნები), მიიმართება სხვა მიზნისაკენ (სუბლიმაცია), საკუთარი პერსონიდან სხვაზე გადაინაცვლებენ (პროექცია) და ა.შ. ა.ფროიდის თვალსაზრისით განვითარებისა და დაცვით პროცესებს შორის არავითარი შინაგანი წინააღმდეგობა არ არსებობს. ნამდვილი წინააღმდეგობები უფრო ღრმად ძევს – ისინი იდივიდის სურვილებსა და საზოგადოებაში მის მდგომარეობას შორისაა მოთავსებული, ამიტომ სოციალიზაციის პროცესის უმტკივნეულოდ მიმდინარეობა შეუძლებელია. თავდაცვითი პროცესის ორგანიზაცია – ,,მე”-ს განვითარების მნიშვნელოვანი და აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
სიამოვნების პრინციპიდან რეალურობის პრინციპამდე ბავშვის წინსვლა არ განხორციელდება თუ ,,მე”-ს სხვადასხვა ფუნქციები განვითარების განსაზღვრულ საფეხურებს არ მიაღწევენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფუნქციონირებას დაიწყებს მეხსიერება, ბავშვის მოქმედებები გამოცდილებისა და განჭვრეტის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. რეალობის კონტროლის გარეშე არ არსებობს განსხვავება შინაგანსა და გარეგანს, ფანტაზიასა და რეალობას შორის. მხოლოდ მეტყველების დაწყება გადააქცევს ბავშვს ადამიანური საზოგადოების წევრად. ლოგიკა, გონიერი განსჯა, ხელს უწყობს მიზეზისა და შედეგის ურთიერთკავშირის გაგებას, ხოლო გარემომცველი სამყაროს მოთხოვნებთან შეგუება უბრალო მორჩილება კი აღარ არის, არამედ გაცნობიერებული და ადეკვატურია.
ერთის მხრივ რეალურობის პრინციპის, ხოლო მეორეს მხრივ აზრობრივი პროცესების ფორმირება, გზას უხსნიან სოციალიზაციის ახალ მექანიზმებს: მიბაძვას, იდენტიფიკაციას, ინტროექციას, რომლებიც ,,ზე-მე” ინსტანციის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს.
ეფექტური ,,ზე-მე”-ს ჩამოყალიბება სოციალიზაციაში ბავშვის გადამწყვეტ პროგრესს ნიშნავს. ახლა ბავშვს შეუძლია არამარტო დაემორჩილოს საკუთარი სოციალური გარემოცვის მორალურ მოთხოვნებს, არამედ ,,თავად იღებს მასში მონაწილეობას და შეუძლია თავი მის წარმომადგენლად ჩათვალოს”. თუმცა ეს შინაგანი ინსტანცია ჯერ კიდევ ძალიან სუსტია და მრავალი წლის განმავლობაში ესაჭიროება ავტორიტეტული პირების (მშობლები, მასწავლებლები) მხრიდან მხარდაჭერა და შეიძლება მათი მიზეზით, იმედგაცრუების ან ძლიერი განცდის გამო ადვილად დაიშალოს.
მიბაძვა, იდენტიფიკაცია, ინტროექცია – აუცილებელი წინაპირობებია მოზრდილთა სოციალურ ერთობლიობაში შესასვლელად. შემდეგ ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ,,გარეთ”: ოჯახიდან – სკოლაში, სკოლიდან -საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თითოეულ ამ ნაბიჯს თან ახლავს უარის თქმა პირად უპირატესობებზე, ,,ინდივიდუალურ-ყურადღებით” დამოკიდებულებზე საკუთარი თავის მიმართ. მაგ., სასკოლო კლასში ერთნაირი წესებია ყველა მოსწავლისთვის, თუმცა ისინი პიროვნულად ერთმანეთისგან განსხვავებული არიან. საზოგადოებრივ ცხოვრებაში კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. ,,კანონები მტკიცე და უპირობოა, მათი დარღვევა ლეგალურ სანქციებს იწვევს მიუხედავად იმისა თუ რა მსხვრპლის გაღებას ნიშნავს მათი გამოყენება პიროვნებისთვის, ამსუბუქებს ის თუ ამძიმებს ამ მსხვერპლს, მის ხასიათს, ინტელექტუალურ დონეს” – აღნიშნავდა ა.ფროიდი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნორმალურ ადამიანს არ მოეთხოვება საზოგადოების ყველა მოთხოვნის ცოდნა, მათი მიღება და გათავისება. მორალის საწყისი, ძირითადი საფუძველების გარდა მას სამრთლისა და კანონის პრინციპების აღიარება და მათთდამი მორჩილების მზადყოფნა მოეთხოვება. ნორმასთან შედარებით სისხლის სამართლის დამნაშავე ჰგავს ბავშვს, რომელიც მშობლების ავტორიტეტს უკეთებს იგნორირებას. გვხვდება ისეთი ადამიანებიც, რომელთა მორალური მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ უფრო მაღალი და მკაცრია, ვიდრე ამას გარემომცველი საზოგადოება ითხოვს. მათი იდეალები ეყრდნობა არა რეალურ მშობლებთან, არამედ მათ იდეალიზირებულ ხატებთან იდენტიფიკაციას. როგორც ა.ფროიდი შენიშნავს ასეთი ადამიანები თვითდაჯერებულად იქცევიან და მორალურად აღემატებიან თავიანთ ახლობლებს.
არაჰარმონიული პიროვნული განვითარება ა.ფროიდის ღრმა რწმენით მრავალ მიზეზს ეფუძნება: არათანაბარი პროცესები განვითარების ხაზებით, არათანაბრად მიმდინარე რეგრესია, შინაგანი ინსტანციების ერთმანეთისაგან გამიჯვნის თავისებურებები, მათ შორის კავშირების ჩამოყალიბება და მრავალი სხვ. ,,ამ გარემოებებში გასაკვირი არ არის ადამიანებს შორის ინდივიდუალური განსხვავებები და განვითარების სწორი ხაზიდან გადახრა რატომაა ასე დიდი, მკაცრი ნორმის განსაზღვრა კი არადამაკმაყოფილებელი. პროგრესისა და რეგრესის მუდმივ ურთიერთგავლენას ნორმალური განვითარების ფარგლებში თან მოქავს უამრავი ვარიაცია” – აღნიშნავდა ა.ფროიდი
ერთხელ შეკითხვაზე თუ რა უნდა შეეძლოს ნორმალურ ადამიანს ზ.ფროიდმა უპასუხა: ,,უყვარდეს და შრომობდეს”. მოგვიანებით თითქოსდა მამას ეკამათებაო ანა ფროიდი ცდილობს უპასუხოს კითხვას – რომელი ბავშვური მიღწევაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის წერდა: ,,თამაში, სწავლა, თავისუფალი ფანტაზია, ობიექტური ურთიერთობების სითბო – ყველაფერი მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. თუმცა საკუთარი მნიშვნელობით ისინი ვერ შეედრება ისეთ ფუნდამენტურ ცნებას, როგორიცაა ,,სიყვარულის უნარი” და ,,შრომის უნარი. მე ვუბრუნდები ადრინდელ ჰიპოთეზას (1945 წ.), როდესაც ვამტკიცებდი, რომ მხოლოდ ერთი უნარი იმსახურებს ბავშვის ცხოვრებაში ამ მდგომარეობას, კერძოდ ნორმალური განვითარების უნარი, უნარი გაიაროს გეგმით განსაზღვრული საფეხურები, ჩამოაყალიბოს პიროვნების ყველა მხარე და შესაბამისად შეასრულოს გარემომცველი სამყაროს მოთხოვნები”.

წყარო: fsiqologicfa.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: