სიმართლე და ტყუილი

ტყუილი ადამიანს გაჩენის დღიდან, უფრო სწორად, პირველი ცოდვის ჩადენის დღიდან დაებედა. მაცდურმა ევა მოატყუა, ევამ – ადამი, მერე ორივემ, ერთად თუ ცალ-ცალკე, უფლის მოტყუებაც სცადა… ასე მოვდივართ მას შემდეგ ტყუილ-ტყუილით და ლამის ეს მეორე ბუნებად გვექცეს. ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგების თანახმად, ადამიანთა უმრავლესობა დღეში ერთხელ მაინც ცრუობს. ათ წუთზე ხანგრძლივი საუბრების მეხუთედი ერთ-ერთი ან ორივე მხარის ტყუილით მთავრდება. პირისპირ შეხვედრის დროსაც სამიდან ერთ შემთხვევაში მიზეზს ვპოულობთ, რომ მხოლოდ სიმართლე არ ვთქვათ. ამასთანავე, გაითვალისწინეთ: ფორმალურ და თავაზიან გამოთქმებს – “არაფრის” და “ეს რა შეწუხებაა” – ფსიქოლოგები სიცრუედ არ მიიჩნევენ. სამაგიეროდ, მეგობრის საშინელ ვარცხნილობაზე გაკეთებული ქათინაური თუ ყაზტრანსგაზის წარმომადგენლისთვის კარის გაუღებლობა მკვლევართა ინტერესის ობიექტია, რადგან თანამოსაუბრეს (ან საუბრის სურვილის მქონეს) ორივე შემთხვევაში განზრახ ვუქმნით არასწორ შეხედულებას, შეცდომაში შეგვყავს.
სხვათა შორის, რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ფსიქოლოგები ტყუილს ბოლო დრომდე თითქმის არ აქცევდნენ ყურადღებას. ფროიდს სიცრუის შესახებ თითქმის არაფერი დაუწერია, მეოთხედი საუკუნის წინ გამოსულ 1500-გვერდიან “ფსიქოლოგიის ენციკლოპედიაში” კი ტყუილისთვის სულ ორიოდე აბზაცი გამოიმეტეს. სამაგიეროდ ბოლო ხანს შეცდომის გამოსწორებას ბეჯითად ცდილობენ და… უფრო და უფრო რთული ფენომენი რჩებათ ხელში.

ყველაზე, ყველაზე
კვლევამ ცხადყო, რომ განსაზღვრულ პირობებში და განსაზღვრული ხარისხის ზეწოლისას ტყუილს ნებისმიერი იტყვის, თუმცა სიცრუისადმი მიდრეკილება სხვადასხვა ასაკში თუ სოციალური ურთიერთობისას სხვადასხვანაირი ყოფილა. ჩემპიონობა უფროსკლასელებმა მოიპოვეს – მათი ნათქვამი ლამის ყოველი მეორე სიტყვა ტყუილი ყოფილა. მეორე ადგილი რომანტიკულ ურთიერთობებს უკავიათ: 1990 წელს გამოკითხულ სტუდენტთა 85%-მა აღიარა, რომ პარტნიორისთვის ერთი ტყუილი მაინც ჰქონდა ნათქვამი ან სიმართლეს ბოლომდე არ ეუბნებოდა. თანაც რაც უფრო მეტად არის დარწმუნებული ადამიანი საკუთარ თავში და ფიზიკურადაც მომხიბვლელია, თურმე სიცრუის ნიჭიც მით უფრო მეტად აქვს განვითარებული.
ყველაზე იშვიათად ერთმანეთს ერთი და იმავე სქესის კარგი მეგობრები ატყუებენ. ისიც, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა განვითარებული აქვს, სიცრუისადმი ნაკლებ მიდრეკილებას ამჟღავნებს. გაგიკვირდებათ და ფსიქოლოგებმა დეპრესიით დაავადებულებიც ამ რიგში ჩააყენეს – ამ დროს თურმე არც სხვისი მოტყუების თავი გვაქვს და არც საკუთარი თავისა. ამიტომაც გაცილებით უკეთ ვაცნობიერებთ, რამდენად შეგვიძლია (ანუ არ შეგვიძლია) სიტუაციების კონტროლი ან სხვა ადამიანების შეხედულებებსა თუ ქცევაზე გავლენის მოხდენა. თუმცა ასეთი გაცნობიერების შედეგი უკვე დაავადებაა. ზოგიერთი ფსიქოლოგი იმასაც კი ამტკიცებს, რომ თვითმოტყუების განსაზღვრული დოზა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელიც კია.

რატომ?.. რატომ?..
ვინმემ რომ გვკითხოს, ყველანი სიმართლის აპოლოგეტები ვართ და მზად ვართ, ყოველი ცრუპენტელა სამარცხვინო ბოძზე გავაკრათ, სინამდვილეში კი საზოგადოება ხშირად სწორედ სიცრუეს ახალისებს. თავად განსაჯეთ, რამდენიმეწუთიანი დაგვიანების შემთხვევაში როდის უფრო დაისჯებით: თუ გულწრფელად აღიარებთ, რომ დაგეძინათ თუ ყველაფერს საგზაო საცობებს გადააბრალებთ. ფაქტი ჯიუტია: ტყუილი ხშირად უფრო ხელსაყრელია და წარმატებაც კი მოაქვს. რამდენი იურისტი და ჟურნალისტი დარჩებოდა ხელმოცარული, სინამდვილის შელამაზებაზე, ფაქტების წაღმა-უკუღმა ტრიალზე რომ უარი ეთქვა?!
ტყუილი, წესისამებრ, თავის დაძვრენის ან გამორჩენის სურვილთან ასოცირდება, არადა, მათი საკმაოდ დიდი ნაწილი (მაგალითად, ზემოხსენებული კვლევის დროს ნათქვამი ტყუილების მეოთხედი) მთლიანად სხვების გულისთვის იყო ნათქვამი. რა თქმა უნდა, რაც უფრო ახლოს ვართ ადამიანთან, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ჩვენი ნათქვამი ტყუილი ალტრუისტული იქნება. კულტურულ გარემოსაც გააჩნია. აზიის ქვეყნებში უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჯობს, სიმსივნით დაავადებულს უკურნებელი სენის დიაგნოზი დავუმალოთ, ევროპასა და ამერიკაში კი 90% სიმართლის თქმის მომხრეა. კეთილი, ამ მძიმე და საკამათო საკითხს თავი დავანებოთ; წარმოიდგინეთ უბრალო სიტუაცია: საყვარელი ადამიანისთვის საყვარელი კერძის მომზადებას მთელი დღე მოანდომეთ, თან გადაჰყევით, ის კი, პირუთვნელი მსაჯულის მანტიამოსხმული, წარბშეუხრელად გიცხადებთ, რომ თქვენი ხელოვნების ნიმუშს არაფრის გემო არ აქვს და დედამისისნაირი კერძების კეთებას ვერასოდეს ისწავლით. რას დაარქმევდით ამ საქციელს, გულწრფელობას თუ უტიფრობასა და სხვისი გრძნობების არად ჩაგდებას? თუმცა ტყუილს არაერთი ოჯახი დაუნგრევია, ზოგ შემთხვევაში სწორედ ის წამალია, ადამიანებს ურთიერთობას რომ უადვილებს.

ქალები და კაცები
სტატისტიკის თანახმად, ორივე სქესი დაახლოებით თანაბარი სიხშირით ცრუობს, ოღონდ ქალები სიმართლეს უმეტესად იმიტომ მალავენ, რომ სხვის გრძნობებს უფრთხილდებიან. კაცები კი უფრო ხშირად საკუთარი თავის შესახებ ჰყვებიან ტყუილებს. მაგალითად, სტუდენტი ყმაწვილების მიერ ნათქვამი ტყუილებიდან საკუთარ თავზე ნათქვამი ტყუილები თურმე რვაჯერ ჭარბობს ყველა დანარჩენს.
ქალები და მამაკაცები ერთმანეთისგან მეგობრის ტყუილის ამოცნობის უნარითაც განსხვავდებიან. ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ერთი და იგივე სქესის მეგობრებს სთხოვეს გამოეცნოთ, როდის იტყუებოდნენ მათივე დაქალები და ძმაკაცები. ექვსი თვის შემდეგ ექსპერიმენტი იმავე საკვლევ პირებში გაიმეორეს. აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ქალებმა შედეგები გააუმჯობესეს, მამაკაცებში კი არაფერი შეცვლილა. როგორც ჩანს, ქალები მეგობრებს მეტადაც აკვირდებიან და უკეთაც იცნობენ.

ჟამმა ჩამოჰკრა
დღეს ჩვენი ეთერი სიცრუის დადგენის მცდელობით არის გადატვირთული, თუმცა იდეა, რა თქმა უნდა, არც ქართველ წამყვანს გასჩენია და არც ამერიკელ პროფესიონალთა ჯგუფს. სიცრუის დეტექტორის შექმნის სურვილი ადამიანს ალბათ სიცრუესთან ერთად გაუჩნდა. აფრიკის ზოგიერთ ტომში ეჭვმიტანილს აიძულებდნენ, ხელში უმი კვერცხი დაეჭირა. ჩინეთში იმავე მიზნით ერთ მუჭა ბრინჯს უდებდნენ პირში. მიიჩნეოდა, რომ დამნაშავეს კვერცხი ხელში შემოატყდებოდა და მღელვარებისგან ხახაგამშრალი ბრინჯს ნერწყვით ვერ დაასველებდა. ორივე ტესტი ვეგეტატიურ (უნებლიე) ნერვულ რეაქციებს ემყარება და ცამდე მართალი ადამიანიც კი, თუ გულში შიში შეეპარა, ჩაიჭრება და დამნაშავედ გამოცხადდება.
იმავე პრინციპს ემყარება და იგივე ნაკლი აქვს პოლიგრაფიც. სიცრუის დეტექტორი მეცნიერთა და კანონის დამცველთა ალიანსის ერთ-ერთი პირველი ნაყოფია და ათიოდე წელიწადში საუკუნე შეუსრულდება. პოპულარობა და აღფრთოვანებული საგაზეთო სათაურები პირველივე დღეებიდან არ მოჰკლებია. მხოლოდ ექსპერტები ფრთხილობდნენ და დროთა განმავლობაში სკეპტიციზმი კი არ მოაკლდათ, მოემატათ. გულისცემა, კანის გალვანური გამტარობა, სუნთქვის სიხშირე – ამ პარამეტრების ცვლილებაზე ამყარებენ საკუთარ დასკვნებს ძველი თუ თანამედროვე პოლიგრაფები, მაგრამ ვერასოდეს იტყვიან, რა იყო ცვლილების მიზეზი. სამყაროსავით ძველი რეაქცია სტრესზე უნიკალურია და გამომწვევ მიზეზს არად დაგიდევთ.
მთავარი პრინციპი, რომელსაც სიცრუის დეტექტორი ემყარება, მოსაზრებაა, რომ ადამიანებს ტყუილის თქმა არ გვიყვარს, ვგრძნობთ, რომ რაღაცას ვაშავებთ და ტვინში ერთგვარი განგაშის სიგნალი ირთვება. სინდისის ქეჯნა კი ისეთი რამ არის, ვერც გაზომავ და ვერც ერთისას მეორეს შეუდარებ. ამიტომაც არის, რომ აშშ-ის მრავალ შტატში სიცრუის დეტექტორით შემოწმების შედეგებს სასამართლო სამხილად არ მიიჩნევს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო თავის მოქმედ და მომავალ თანამშრომლებს პოლიგრაფზე სისტემატურად ამოწმებს. მიუხედავად ამისა, 1945 წლიდან ამერიკის სულ მცირე 6-მა მოქალაქემ, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ღალატობდა, სიცრუის დეტექტორზე ტესტი წარმატებით ჩააბარა, ზოგმა – რამდენიმეჯერაც კი.
ამერიკის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ 2003 წელს სპეციალურად შეისწავლა პოლიგრაფების შესახებ არსებული სამეცნიერო მონაცემები და ისინი “არამეცნიერულად, არასანდოდ, მიკერძოებულად” ცნო. მათი დასკვნით , მასობრივი ტესტირებისას მიღებული შედეგები შემთხვევითისგან არაფრით განსხვავდება, ერთი კონკრეტული მოვლენის შესახებ ადამიანთა მცირე ჯგუფის გამოკითხვისას კი შედეგი ოდნავ უკეთესია, ვიდრე უბრალო შემთხვევითობა.

სხვა თეორია
პოლიგრაფზე გულაცრუებულ მეცნიერებს მატყუარების ამოცნობაზე ხელი მაინც არ ჩაუქნევიათ. ვინც ღამის ეთერში სერიალს ადევნებს თვალს, ალბათ ემახსოვრება, რომ ნამდვილმა სიცილმა თვალების ირგვლივ ნაოჭები უნდა გააჩინოს, შუბლმა კი ემოცია გამოხატოს (თუ, რა თქმა უნდა, მიმიკური კუნთების ფუნქციები ბოტოქსის ინექციებით არ არის შესუსტებული), ცხვირის ფხანა სიცრუის ნიშანია და ა. შ. მეორე ნაწილი ხმის სიმაღლეს და მის ცვლილებებს ადევნებს თვალყურს, მესამენი სიტყვათა შერჩევასა და გრამატიკულ კონსტრუქციებზე ამახვილებენ ყურადღებას. თურმე მატყუარებს ვნებითი გვარი უყვართ, I პირის ნაცვალსახელების გამოყენებას უფრთხიან, ნაკლებად იყენებენ ემოციურ და გაგების აღმნიშვნელ სიტყვებს (გავბრაზდი, გული მეტკინა, გავიაზრე, მივხვდი)… თუმცა რაც უფრო ფართოდ გახდება ცნობილი ტყუილის ამოსაცნობი ესა თუ ის ჟესტი, ცრუპენტელები საკუთარი არსენალიდან უფრო საიმედოდ ამოაგდებენ. თვალის არიდება, სიცრუისა და არაგულწრფელობის კლასიკური ნიშანი, დღეს ნაკლებ გამოსადეგია – გამოცდილი მატყუარა მშვენივრად ახერხებს, მორიგი ბლეფი თვალის დაუხამხამებლად შემოგვაპაროს.
ბოლო დროს ტვინში მიმდინარე პროცესებს მიაქციეს განსაკუთრებული ყურადღება. გაგიკვირდებათ და ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ამტკიცებს, რომ ტყუილს გაცილებით მეტი ტვინი სჭირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტყუილის თქმის დროს ტვინის გაცილებით მეტი რეგიონი აქტიურობს, ვიდრე სიმართლის თქმისას. თანაც გააჩნია, როგორ და რატომ ვიტყუებით. სიმართლის დამალვისას სხვა უბნებს ადგათ ჯაფა, ზღაპრების მოგონებისას – სხვას. თუმცა შუბლის წილის უშუალოდ თვალების უკან მოთავსებული ცენტრი ყოველთვის აქტიური აღმოჩნდა და კინაღამ ტყუილის ცენტრი დაარქვეს. არადა ცოტა ხნის წინ, როცა ელექტროიმპულსებით მისი დროებით გათიშვა მოახერხეს, აღმოჩნდა, რომ მის გარეშე ტყუილის თქმაც გაადვილდა და დანაშაულის განცდაც შემცირდა. როგორც ჩანს, შუბლის ძარღვი მართლაც არსებობს.
ასეა თუ ისე, ტყუილ-მართალის გარჩევის უტყუარი მეთოდი დღეისთვის არ არსებობს, თუმცა ვერ გეტყვით, კარგია ეს თუ ცუდი. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ყოველთვის ზუსტად რომ ვიცოდეთ, როდის გვატყუებენ ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები თუ პოლიტიკოსები – მზის კაშკაშა შუქზე სამყარო ბევრად უკეთესი გახდებოდა თუ შეუნიღბავი სასტიკი სიმართლე სხვა ადამიანებთან ყოველგვარ კავშირს დაგვკარგინებდა? როგორც იტყვიან, ვინ იცის…

ავერსი

7 responses to “სიმართლე და ტყუილი

  1. Lolipop January 11, 2012 at 11:34 am

    ძალიან საინტერესო იყო😉

  2. izabela February 8, 2012 at 11:09 pm

    იქნებ იმის პოსტიც დადოთ როგორ უნდა ამოიცნო ადამიანი

  3. saliii December 5, 2012 at 4:56 pm

    სადაური სიტყვაა ტყუილი?და რს ნიშნავსს?

  4. lovefriend March 13, 2013 at 6:29 pm

    ძალიან საინტერესო იყო. ტყუილი სადაური სიტყვაა?

  5. you November 22, 2015 at 6:41 am

    აქვს თუ არა თყუილს გამართლება გარკვეულ შემთხვევაში?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: