Category Archives: ჯანმრთელობა

ყველამ წაიკითხეთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი დასამახსოვრებელი ტექსტი, რომელიც ვინ იცის, იქნებ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაგეხმაროთ

პიკნიკის დროს წაიქცა ერთი ქალბატონი. მას შესთავაზეს სასწრაფო დახმარების გამოძახება, მაგრამ მან უარი თქვა და ყველას დაარწმუნა, რომ, უბრალოდ, ქვას ფეხი გაჰკრა ახალი ფეხსაცმელების გამო. ქალი ფერმკრთალი ჩანდა და კანკალებდა, მას დაეხმარეს ტანსაცმლის გაწმენდაში და საჭმელიც მიაწოდეს. დარჩენილი დღის ნაწილი ქალბატონმდა, როგორც ჩანდა დაუძაბველად გაატარა. Read more of this post

დეპრესია

როცა სიცოცხლე აღარ გახარებს
დროდადრო უგუნებოდ ყოფნა ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ როცა სიცარიელისა და იმედგაცრუების განცდა ერთიანად მოიცავს ადამიანს და უსასრულოდ დიდხანს გრძელდება, ეს უკვე შეიძლება დეპრესია იყოს. დეპრესია არღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, გვართმევს სიცოცხლით ტკბობის უნარს. დეპრესიული ადამიანი მუდამ დაქანცულია. მისი მდგომარეობა დღითი დღე უფრო და უფრო უნუგეშო ხდება. ძველ გატაცებებსა და მეგობრებს სიხარული აღარ მოაქვთ.
მართალია, უიმედობა დეპრესიის ნაწილია, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თვით მდგომარეობა უიმედო არ არის. დღევანდელ მედიცინას მოეპოვება მკურნალობის არაერთი მეთოდი, რომლებიც ეფექტურად უმკლავდება დეპრესიას.

რა არის და რა არ არის დეპრესია
განწყობილების ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. მოწყენილობაც ასევე ნორმალური რეაქცია ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის, სირთულისა თუ იმედგაცრუების საპასუხოდ. ბევრი ასეთ განცდებს დეპრესიას არქმევს, თუმცა სინამდვილეში ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის.
აღსანიშნავია, რომ დეპრესიაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი მოწყენილობას საერთოდ არ უჩივის — მათ უსიცოცხლობა, სიცარიელე, აპათია აწუხებთ. მამაკაცები და მოზარდები კი დეპრესიის დროს სევდიანობის ნაცვლად შეიძლება ბრაზმა, აგრესიამ და მოუსვენრობამ შეიპყროს.
როგორი სიმპტომებითაც არ უნდა გამოვლინდეს დეპრესია, იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებული მოწყენილობისგან განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის, სიამოვნების განცდის უნარს, მადას, ძილს. დეპრესიის დროს ხშირია უმწეობისა და უსარგებლობის განცდა. უფრო მეტიც — დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდესი რისკფაქტორია.
ბევრს მიაჩნია, რომ დეპრესია მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია, ამიტომაც ცდილობს დამალოს იგი, არავის გაუმხილოს და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობას ადამიანი თვითონვე მოერევა. სინამდვილეში დეპრესია ქრონიკული დაავადებაა, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. მას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება.

როგორ ამოვიცნოთ
დეპრესია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირად გამოვლინდება, თუმცა აქვს საერთო ნიშნები და სიმპტომებიც. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
– უმწეობისა და უიმედობის განცდა. დამახასიათებელია გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.
– ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა. ძველი გატაცებები და ხალხთან ურთიერთობა კარგავს აზრსა და ხალისს. ადამიანი ვერ ახერხებს სიამოვნების მიღებას, მას არაფერი ანიჭებს სიხარულს.
– მადისა და წონის ცვლილებები. მადის დაქვეითების ან გაძლიერების გამო დეპრესიის ფონზე შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს წონა: მოიკლოს ან მოიმატოს 5%-ით და უფრო მეტად 1 თვის განმავლობაში.
– ძილის დარღვევები. უძილობა, განსაკუთრებით — დილაადრიან გაღვიძება ან მეტისმეტი ძილიანობა, ე.წ. ჰიპერსომნია.
– აზროვნების, მეტყველებისა და მოძრაობების შენელება. პიროვნება ისე ცოცხლად და აქტიურად ვეღარ აზროვნებს, როგორც ადრე. ასეთი ცვლილებები მის მეტყველებასა და მოძრაობაშიც შეინიშნება. შესაძლოა, უფრო ხმადაბლაც დაიწყოს ლაპარაკი.
– დანაშაულისა და უვარგისობის განცდა. ასეთ დროს პაციენტი განუწყვეტლივ იხსენებს საკუთარ წარუმატებლობას, გამუდმებით იდანაშაულებს თავს იმაში, რომ ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც სურდა.
– გაღიზიანებადობა და სიბრაზე. ზოგჯერ დეპრესიას თან ახლავს მოუსვენრობა, აღელვება, გაშმაგება. ამტანობა დაქვეითებულია. პაციენტი ყოველ წვრილმანზე ფეთქდება.
– ენერგიის დაკარგვა. ხშირია ქრონიკული დაღლილობა, სხეული თითქოს დამძიმებულია, უმნიშვნელო საქმიანობაც კი ძალზე დამქანცველია და დიდ დროს მოითხოვს.
– მაღალი რისკის აქტივობა. საკუთარი პრობლემების დასავიწყებლად ზოგიერთი მიმართავს ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს, ექსტრემალურ სპორტს, გაუფრთხილებლად მართავს მანქანას (იხ. ჟურნალი #2(75)-ის მთავარი თემა) და სხვა.
– კონცენტრირების უნარის დაქვეითება. ყურადღების, გადაწყვეტილების მიღების, ფაქტების დამახსოვრების უნარის შესუსტება.
– აუხსნელი ტკივილები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი ფიზიკური ჩივილები, როგორიც არის თავის, ზურგის ან მუცლის ტკივილი და სხვა, რასაც ორგანული საფუძველი არ გააჩნია.
– ფიქრები სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე. უმწეობისა და უიმედობის განცდის დროს ადამიანმა ერთადერთი გამოსავალი შესაძლოა სიკვდილსა და თვითმკვლელობაში დაინახოს, ამიტომ თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარი სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე საუბრობს, ყურადღებით მოეკიდეთ — თვითმკვლელობაზე საუბარი შესაძლოა დახმარების სათხოვნელად თავგანწირული ყვირილი იყოს.

რა იწვევს
დეპრესიას ერთი კონკრეტული და უნივერსალური მიზეზი არ გააჩნია. მის აღმოცენებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ფიქრობენ, რომ დეპრესიის დროს ადამიანის ტვინში განსაზღვვრული ცვლილებები ხდება. მაგალითად, იცვლება ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების) კონცენტრაცია. გასათვალისწინებელია ჰორმონული ცვლილებებიც: ჰიპოთირეოზი, მენოპაუზა და სხვა. განსაზღვრულ მნიშვნელობას ანიჭებენ ასევე მემკვიდრეობით ფაქტორს, ვინაიდან დეპრესია უფრო მეტად ისეთ ადამიანებს შორის გვხვდება, რომელთა ოჯახის წევრებიც იმავე დაავადებით იტანჯებიან. დეპრესიის განვითარება მოსალოდნელია მაშინაც, თუ პოტენციური პაციენტის ბიოლოგიურ ნათესავს სუიციდის მცდელობა ჰქონია. მეცნიერები ცდილობენ იპოვონ გენი, რომელსაც შესაძლოა მიუძღოდეს ბრალი დეპრესიის განვითარებაში. ბუნებრივია, დეპრესიის აღმოცენებას ხელს უწყობს ძლიერი ცხოვრებისეული სტრესიც: საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები, უკურნებელი დაავადების დიაგნოზი და სხვა. ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესი (ძალადობა, მშობლის დაკარგვა) პერმანენტულ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინში, რაც მომავალში პირს დეპრესიისადმი განაწყობს. ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ასევე მეგობრების სიმცირე, ურთიერთობების სიღარიბე. გასათვალისწინებელია პიროვნების ისეთი ხასიათობრივი თავისებურებებიც, როგორიც არის დაბალი თვითშეფასება, სხვაზე დამოკიდებულება, თვითკრიტიკულობა, პესიმიზმი და სხვა. დეპრესიის გამო ზოგიერთი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიმართავს. ხდება პირიქითაც — ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო ხშირად აღმოცენდება დეპრესია. დაბოლოს, ზოგიერთი პრეპარატი (არტერიული წნევის დამწევი, საძილე საშუალებები და სხვა) შესაძლოა ხელს უწყობდეს დეპრესიის განვითარებას.
დაავადებამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა უმთავრესად 20 წელს გადაცილებულებს ემართებათ. ქალები მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ავადმყოფობენ, თუმცა ნაწილობრივ ეს შესაძლოა იმიტომაც ჩანდეს ასე, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით ადვილად გამოხატავენ გრძნობებს და ხშირად მიმართავენ ექიმს დახმარებისთვის.
საზეპირო
— დეპრესია უბრალო უგუნებობა არ არის, ის ქრონიკული და მორეციდივე (განმეორებადი) დაავადებაა, საიდანაც გამოსავალი ექიმის დახმარებით უნდა ეძებოთ.

დეპრესიის ნიღბები

დეპრესიას მრავალი ფორმა აქვს. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.
დიდი დეპრესია: დიდი დეპრესიის დროს სიმპტომები ყოველდღიურია ან თითქმის ყოველდღიური, ინტენსიური, მძიმე. ისინი იმდენად აშკარაა, რომ ამჩნევენ სამსახურში, სკოლაში, გარეშე ადამიანებთან ურთიერთობისას… სიმპტომები ორი კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, რომ დიაგნოზი დაისვას, ხოლო თუ მკურნალობის გარეშე დავტოვეთ, ეს მდგომარეობა 6 თვეს და მეტხანსაც გასტანს. ზოგიერთ ადამიანს დეპრესიის მხოლოდ ერთი ეპიზოდი აქვს, მაგრამ დიდი დეპრესია, ჩვეულებრივ, განმეორებადი დაავადებაა. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია იმ ფაქტორების გამორიცხვა, რომლებიც უშუალოდ იწვევს დეპრესიას. ასეთია, მაგალითად, ჰიპოთირეოზი, ფსიქოლოგიური სტრესი, ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლიზმი. თუ ეს ფაქტორები დადასტურდა, დიდი დეპრესიის დიაგნოზი არ დაისმება.

ატიპური დეპრესია. მიუხედავად სახელწოდებისა, ატიპური დეპრესია იშვიათი არ არის. იგი გავრცელებულია მოზარდებსა და ქალებს შორის. დეპრესიის ამ ფორმას, ნაცვლად უმადობისა და უძილობისა, ახასიათებს მადის გაძლიერება, წონის მატება და გადაჭარბებული ძილიანობა. დამახასიათებელია სიმძიმის შეგრძნება ხელ-ფეხში. ასეთი პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან კრიტიკის, წარუმატებლობებისა და უარყოფის მიმართ. იმავდროულად მათი ცხოვრება სავსეა კონფლიქტებით, უჭირთ ურთიერთობის დიდხანს შენარჩუნება. უარყოფისა და წარუმატებლობის შიშის გამო შესაძლოა ამა თუ იმ ურთიერთობაზე უარიც კი თქვან. დროდადრო, კარგი ამბების გაგების ან მეგობრებთან ყოფნის დროს, დეპრესიული განწყობა ქრება, მაგრამ გავა ხანი და დეპრესიის სიმპტომები ხელახლა იჩენს თავს.
დისთიმია (განმეორებადი, მსუბუქი დეპრესია). დისთიმია დეპრესიის მსუბუქი ფორმაა, თუმცა ესეც ქრონიკული მდგომარეობაა. დისთიმიის დროს სიმპტომები ისე მკაფიოდ არ არის გამოხატული, როგორც დიდი დეპრესიის შემთხვევაში, თუმცა ორი წელი მაინც გრძელდება, ხშირად — უფრო მეტხანსაც. ასეთი ხანგრძლივობის გამო დისთიმია არღვევს ადამიანის ცხოვრების ნორმალურ რიტმს. წლობით მიმდინარე მსუბუქი დეპრესიის დროს ადამიანი კარგავს ინტერესს სხვადასხვა ცხოვრებისეული აქტივობის მიმართ, მისი პროდუქტიულობა და თვითშეფასება ეცემა. სხვების თვალში ასეთი ადამიანები ზედმეტად კრიტიკულები არიან, გამუდმებით წუწუნებენ და სიხარულის განცდის უნარი არ გააჩნიათ. თუ დისთიმია მკურნალობის გარეშე დავტოვეთ, მას შეიძლება დიდი დეპრესიის ეპიზოდიც დაერთოს, რასაც ორმაგი დეპრესია ეწოდება.
როცა ადამიანს დისთიმია აქვს, ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს მუდამ დეპრესიული იყო. მიუხედავად ამისა, დისთიმია იკურნება, მაშინაც კი, როცა წლების განმავლობაში არც დიაგნოზი დასმულა და არც მკურნალობა ჩატარებულა. სეზონური აფექტური აშლილობა. დეპრესიის ეს ფორმა ციკლური და სეზონური მდგომარეობაა, რომელიც წელიწადის ერთსა და იმავე დროს აღმოცენდება. დეპრესიის სიმპტომები უმთავრესად შემოდგომაზე იჩენს თავს და მთელი ზამთარი გრძელდება. იშვიათად სეზონური აფექტური აშლილობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგსაც იწყება.
შემოდგომა-ზამთრის დეპრესიის სიმპტომები გაზაფხულ-ზაფხულის დეპრესიის სიმტომებისგან განსხვავდება. თუ პირველ შემთხვევაში შესამჩნევია უიმედობა, ენერგიის გამოლევა, ძილიანობა, მომატებული მადა და სხვა, მეორე შემთხვევაში წამყვანია გაღიზიანებადობა, შფოთვა, უძილობა, უმადობა და წონის კლება. საზოგადოდ, განწყობა ამინდთან ერთად იცვლება, მაგრამ თუ ემოციური ლაბილურობა მთელი ერთი ან ორი სეზონი გაგრძელდა, ეს შესაძლოა სეზონური აფექტური აშლილობა იყოს — აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ბიპოლარული აშლილობა. მას მანიაკურ-დეპრესიულ აშლილობასაც უწოდებენ. დაავადებისთვის დამახასიათებელია დეპრესიისა და მანიის ეპიზოდების მონაცვლეობა. თუ დეპრესიის დროს ადამიანი დათრგუნულია, უიმედო, კარგავს სიხარულის განცდის უნარს და ცხოვრებისადმი ინტერესს, მანიაკური ეპიზოდის დროს თავს იჩენს ეიფორია, ენერგიის მოზღვავება, გადაჭარბებული ოპტიმიზმი, სწრაფი საუბარი, აჟიტირებული და აგრესიული მოქმედება. ამ დროს ადამიანის აზროვნების უნარი არასრულფასოვანია, კონცენტრაცია — დაქვეითებული.
დეპრესიისა და მანიაკური ეპიზოდის მონაცვლეობა შეიძლება იყოს როგორც იშვიათი (წელიწადში რამდენიმე), ასევე ძალიან ხშირი (დღეში რამდენიმე). დამახასიათებელია ეპიზოდების სეზონური მონაცვლეობაც.

ერჩის სუსტსა და მშვენიერს
თუ რომელიმე დაავადებას რაინდობა ახასიათებს, დეპრესია მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. სუსტი სქესი ორჯერ უფრო ხშირად ხვდება მის კლანჭებში და ეს თანაფარდობა, განურჩევლად რასობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა თუ საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობისა, ერთი და იგივეა. მეცნიერები ამ კანონზომიერებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან.
ბიოლოგიური ფაქტორები. ქალის სასქესო ჰორმონების ყოველთვიური ცვალებადობა, რომელიც მენსტრუაციულ ციკლს უდევს საფუძვლად, ამავე დროს ერთობ გავრცელებული წინარე მენსტრუაციული სინდრომის (წმს) მიზეზადაც გვევლინება. მისთვის დამახასიათებელია გაღიზიანებადობა, დაღლილობა, ემოციური ლაბილურობა და სხვა სიმპტომები. ზოგჯერ წმს ისე მძიმედ მიმდინარეობს, რომ ცხოვრების ნორმალურ რიტმს არღვევს და წინარე მენსტრუაციული დისფორიული აშლილობის სახეს იღებს. ამ უკანასკნელს ახასიათებს მძიმე დეპრესიის თუ რომელიმე დაავდებას რაინდობა ახასიათებს, დეპრესია მათ რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. სუსტი სქესი ორჯერ უფრო ხშირად ხვდება მის კლანჭებში და ეს თანაფარდობა, განურჩევლად რასობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა თუ საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობისა, ერთი და იგივეა. მეცნიერები ამ კანონზომიერებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან.
სიმპტომატიკის განვითარება მენსტრუაციული სისხლდენის დაწყებამდე 10-14 დღით ადრე, რომელიც მენზესის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ უკუვითარდება. ასეთი აშლილობა არცთუ იშვიათია არსებობს მონაცემები, რომ ის ყოველ მეათე ქალს აღენიშნება. მრავალი ჰორმონული ცვლილება ხდება ორსულობის პერიოდშიც, და ესეც ხელს უწყობს დეპრესიის აღმოცენებას, მით უმეტეს, თუ ქალი ამ დაავადებისადმი ორსულობამდეც იყო მიდრეკილი. ორსულობის სპონტანური შეწყვეტა, არასასურველი ორსულობა და უნაყოფობაც დიდ როლს ასრულებს დეპრესიის აღმოცენებაში. დეპრესიული განწყობა ხშირად მშობიარობის შემდეგაც იჩენს თავს. გუნებაგანწყობილების დაქვეითება ლოგინობის პერიოდში ნორმალურ რეაქციად მიიჩნევა, თუ რამდენიმე კვირაში უკუგანვითარდა. როცა ეს მდგომარეობა მძიმეა და დიდხანს გრძელდება, მას მშობიარობის შემდგომ დეპრესიას უწოდებენ. ქვემოთ ამ დაავადებას უფრო დეტალურად განვიხილავთ.
დეპრესიის რისკი იმატებს პერიმენოპაუზის პერიოდში (მენოპაუზის დაწყებამდე, თვით მენოპაუზის დროს და მის შემდგომ), როცა ქალის ასევე მკვეთრად მერყეობს სასქესო ჰორმონების დონე. იმ ქალებს, რომელთაც ადრეც ჰქონდათ დეპრესია, მენოპაუზის დადგომასთან ერთად დეპრესიის ხელახლა აღმოცენების მაღალი რისკი აქვთ. სოციალურ კულტურული ფაქტორები. ქალი შეიძლება იტანჯებოდეს კონფლიქტებით აღსავსე იმ პასუხისმგებლობებით, რომლებიც მას ეკისრება ცხოვრების მანძილზე. ასეთია დედობა, მეუღლეობა და პასუხისმგებლობა სამსახურში. მაგალითისათვის, ცნობილია, რომ დეპრესია უფრო ხშირად მაშინ იჩენს თავს, როცა ქალს არავინ ეხმარება საოჯახო საქმეებსა და ბავშვის გაზრდაში. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან მარტოხელა დედები. კვლევები მეტყველებს, რომ მარტოხელა დედებს შორის დეპრესია 3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დაოჯახებულ ქალებს შორის. ვინაიდან ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლები ძალაუფლებით სარგებლობენ საზოგადოებაში, განსაზღვრულ შემთხვევებში მათ შეიძლება გაუჩნდეთ დაუცველობისა და უიმედობის განცდა, რაც დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ქალების დისკრიმინაცია დასაქმებისას. გარდა ამისა, საზოგადოება ქალებს უყენებს ისეთ სპეციფიკურ მოთხოვნებს, როგორიცაა სილამაზე, ტანადობა და ახალგაზრდული გარეგნობა. ვინაიდან აქ ჩამოთვლილი ფაქტორები ქალისგან დამოუკიდებლად არსებობს და მათზე ზემოქმედება შეუძლებელია, ეს შესაძლოა ძალზე დამთრგუნველი აღმოჩნდეს ქალისთვის.
დეპრესიის სოციალურ მიზეზებს შორის არის სექსუალური და ფიზიკური ძალადობაც. ამ ტიპის კრიმინალური დანაშაულის მსხვერპლი უმთავრესად სუსტი სქესია. განსაკუთრებით სავალალოა ბავშვობაში მიყენებული სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შედეგები. მართალია, დეპრესია დაოჯახებულ ქალებს შორის უფრო იშვიათია, ვიდრე მარტოხელებსა და განქორწინებულებს შორის, მაგრამ იმავდროულად დადგენილია, რომ დაოჯახება მამაკაცს უფრო მეტ კომფორტსა და კეთილდღეობას უქმნის, ვიდრე ქალს. უფრო მეტიც: იმ დაოჯახებულ ქალებს, რომლებსაც მეუღლესთან სასურველი ურთიერთობა არ აქვთ, მარტოხელებთან შედარებით არავითარი უპირატესობა არ გააჩნიათ. სიღარიბე უფრო მეტად ქალების ხვედრია, ვიდრე მამაკაცებისა. განსაკუთრებით მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი მარტოხელა დედებს შორის, რაც, რა თქმა უნდა, დეპრესიის კიდევ ერთი მიზეზია. ფიზიოლოგიური ფაქტორი. დეპრესიის დროს ქალები უმთავრესად გლოვას იწყებენ: ტირიან, მეგობრებს უყვებიან საკუთარი პრობლემების შესახებ, ცდილობენ გაარკვიონ დეპრესიის მიზეზები და ა. შ. დადგენილია, რომ გლოვის გამო დეპრესია შეიძლება გაჭიანურდეს და გაღრმავდეს კიდეც. მათგან განსხვავებით, მამაკაცები ცდილობენ, არ ჩაუღრმავდნენ საკუთარ განცდებს და განერიდონ მათ. ასეთი დამოკიდებულების შედეგად დეპრესიის გამოხატულება მცირდება. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი დამოკიდებულების გამო მამაკაცი შესაძლოა მეორე უკიდურესობაში გადავარდეს. ქვემოთ ამ საკითხსაც უფრო ვრცლად შევეხებით.ზოგიერთი გამოკვლევა მიუთითებს, რომ ქალებს მამაკაცებთან შედარებით მცირე სტრესული ფაქტორიც ჰყოფნით დეპრესიისთვის. გარდა ამისა, განსხვავებულია ქალების ფიზიოლოგიური რეაქცია სტრესული ფაქტორების მიმართ. ქალის ორგანიზმში უფრო მეტი სტრესული ჰორმონი გამომუშავდება, ვიდრე მამაკაცისაში, ხოლო ქალის სასქესო ჰორმონი – პროგესტერონი ხელს უშლის იმას, რომ სტრესული ჰორმონების დონე ნორმას დაუბრუნდეს, როგორც ეს მამაკაცის ორგანიზმში ხდება. ბუნებრივია, ყოველივე ეს ქალის ორგანიზმს უფრო მეტად განაწყობს დეპრესიის მიმართ.
ქალთა დეპრესიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
. გუნება-განწყობილების დაქვეითება;
. საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა;
. დანაშაულის, უიმედობისა და უვარგისობის განცდა;
. ფიქრები თვითმკვლელობაზე ან სიკვდილზე;
. ძილის დარღვევა (უძილობა ან მოჭარბებული ძილიანობა);
. მადისა და წონის ცვლილებები (მადის დაქვეითება ან გაძლიერება, წონის კლება ან მატება);
. კონცენტრირების უნარის დაქვეითება;
. ენერგიის გამოლევა და დაღლილობა.
მართალია, ეს სიმპტომები ქალებსაც ახასიათებთ და მამაკაცებს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ქალებს შორის უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებს შორის. მაგალითად, დეპრესიის სეზონურობა უფრო მეტად ქალებისთვის არის დამახასიათებელი (სეზონურობა იმას გულისხმობს, რომ ზამთარში, როცა მზე იშვიათად ანათებს, დეპრესია უფრო ხშირად იჩენს თავს). გარდა ამისა, ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ატიპიური დეპრესია. დანაშაულის განცდაც ქალებს შორის უფრო მკვეთრად არის გამოხატული. და ბოლოს, ქალებში არ შეინიშნება მამაკაცთა დეპრესიისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ისეთი სიმპტომი, როგორებიცაა აგრესიულობა, მაღალი რისკის მქონე აქტივობებით გატაცება და სხვა. ვინაიდან ჰიპოთირეოზი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია, ხშირად აქვთ ქალებს, ქალთა დეპრესიის დროს აუცილებელია ჰიპოთირეოზის გამორიცხვა.
ქალთა დეპრესიის მკურნალობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დეპრესიისა, ორ ძირითად მიმართულებას ეფუძნება: მედიკამენტურ თერაპიასა და ფსიქოთერაპიას, თუმცა მკურნალობის ტაქტიკაში მაინც არის განსაზღვრული თავისებურებები. მაგალითად, გასათვალისწინებელია დეპრესიის სიმპტომთა კავშირი მენსტრუაციულ ციკლთან, ორსულობის, მშობიარობის შემდგომ და პერიმენოპაუზის პერიოდებთან. ყურადღება უნდა მიექცეს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენებასა და ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. ბიოლოგიური თავისებურებების გამო ანტიდეპრესიული თერაპია ქალებისთვის უფრო მცირე დოზებით იწყება. პრეპარატის გვერდითი მოვლენებიც ამ სქესის წარმომადგენლებს შორის უფრო ხშირად იჩენს ხოლმე თავს. გარდა ამისა, ქალთა დეპრესია ხშირად შეუღლებულია ისეთ აშლილობებთან, როგორიც არის შფოთვითი აშლილობა და მადის დარღვევა, რაც დამატებით მკურნალობას მოითხოვს. თუ იმ ქალების რიცხვს ეკუთვნით, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ განწყობილება, აწუხებთ მუდმივი დანაშაულის განცდა და დაღლილობა, შესაძლოა, დიდი დეპრესია გქონდეთ. დადგენილია, რომ დეპრესია ყოველ მერვე ქალს აღენიშნება. მაგრამ აქვე უნდა დაგამშვიდოთ და შეგახსენოთ, რომ დეპრესია იკურნება. როცა დედობას სიხარული არ მოაქვს ბავშვის დაბადება სტრესია. რა სიხარულიც არ უნდა მოგვიტანოს მან და როგორც არ უნდა იყოს ამისთვის მზად დედა, მშობიარობას მაინც ახლავს თან როგორც ფიზიკური, ისე ემოციური გადაძაბვა. ახალშობილი ძალიან დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას ითხოვს, ამიტომ დედა საკუთარ პრობლემებს ივიწყებს და შვილზე გადაერთვება. ასეთ დროს ემოციური ლაბილურობა და განწყობილების დაქვეითება ხშირია, ახალშობილთა დედები ხშირად ტირიან და ადვილად იღლებიან, მაგრამ თუ დეპრესიულმა სიმპტომებმა რამდენიმე კვირაში არ გაიარა, მეტადრე _ თუ უფრო და უფრო შესამჩნევი გახდა, სავარაუდოდ, ქალს მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქალის სისუსტის ან ნაკლის მაჩვენებელი არ არის. მის აღმოცენებას საფუძვლად უდევს ჰორმონული, ემოციური და ცხოვრებისეული ფაქტორები. მშობიარობის შემდეგ ორგანიზმში მკვეთრად მცირდება ქალის სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, იცვლება არტერიული წნევა, იმუნური მდგომარეობა და მეტაბოლიზმი. ყოველივე ეს სტრესია ქალის ორგანიზმისთვის და ემოციურ ლაბილურობას იწვევს. არასასურველ გავლენას ახდენს უძილობა და რეგულარული ღამისთევაც. ზოგიერთ დედას შიში ეუფლება, ვინაიდან არ არის დარწმუნებული, რომ შეძლებს ბავშვის სათანადოდ მოვლას და გაზრდას, ზოგიერთისთვის სტრესია უჩვეულო ცხოვრების რიტმი და ა. შ. ყოველივე ამას შესაძლოა დაერთოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული თუ ფინანსური სირთულეები, დამხმარის არასებობა… შესაძლო მიზეზებს შორის განიხილავენ გენეტიკურ განწყობასაც. გარდა დეპრესიის ტიპური ნიშნებისა, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს გვხვდება ისეთი უჩვეულო სიმპტომებიც, როგორებიცაა ინტერესის დაკარგვა ახალშობილის მიმართ, ნეგატიური ფიქრები მის შესახებ, მისთვის ზიანის მიყენების სურვილიც კი. ასეთი დედები, ჩვეულებრივ, ძუძუს არ აწოვებენ და არ ეთამაშებიან პატარას. ისეც ხდება, რომ დედა ზოგჯერ ზრუნავს შვილზე, ზოგჯერ კი სრულიად არ აქცევს ყურადღებას და უარყოფითადაც კია განწყობილი. თუ თქვენ მშობიარობის შემდგომი დეპრესიით ხართ შეპყრობილი, ნუ იფიქრებთ, თითქოს ცუდი დედა იყოთ; ეს დაავადებაა და მკურნალობა სჭირდება. მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, თუ არ იმკურნალეთ, ეს მდგომარეობა გავნებთ როგორც თქვენ, ასევე ბავშვსაც. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებთან ერთად ზოგჯერ გამოიყენება ქალის სასქესო ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპიაც.

როცა დედობას სიხარული აღარ მოაქ
ბავშვის დაბადება სტრესია. რა სიხარულიც არ უნდა მოგვიტანოს მან და როგორც არ უნდა იყოს ამისთვის მზად დედა, მშობიარობას მაინც ახლავს თან როგორც ფიზიკური, ისე ემოციური გადაძაბვა. ახალშობილი ძალიან დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას ითხოვს, ამიტომ დედა საკუთარ პრობლემებს ივიწყებს და შვილზე გადაერთვება. ასეთ დროს ემოციური ლაბილურობა და განწყობილების დაქვეითება ხშირია, ახალშობილთა დედები ხშირად ტირიან და ადვილად იღლებიან, მაგრამ თუ დეპრესიულმა სიმპტომებმა რამდენიმე კვირაში არ გაიარა, მეტადრე თუ უფრო და უფრო შესამჩნევი გახდა, სავარაუდოდ, ქალს მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქალის სისუსტის ან ნაკლის მაჩვენებელი არ არის. მის აღმოცენებას საფუძვლად უდევს ჰორმონული, ემოციური და ცხოვრებისეული ფაქტორები.მშობიარობის შემდეგ ორგანიზმში მკვეთრად მცირდება ქალის სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, იცვლება არტერიული წნევა, იმუნური მდგომარეობა და მეტაბოლიზმი. ყოველივე ეს სტრესია ქალის ორგანიზმისთვის და ემოციურ ლაბილურობას იწვევს. არასასურველ გავლენას ახდენს უძილობა და რეგულარული ღამისთევაც. ზოგიერთ დედას შიში ეუფლება, ვინაიდან არ არის დარწმუნებული, რომ შეძლებს ბავშვის სათანადოდ მოვლას და გაზრდას, ზოგიერთისთვის სტრესია უჩვეულო ცხოვრების რიტმი და ა. შ. ყოველივე ამას შესაძლოა დაერთოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული თუ ფინანსური სირთულეები, დამხმარების არარსებობა… შესაძლო მიზეზებს შორის განიხილავენ გენეტიკურ განწყობასაც. გარდა დეპრესიის ტიპური ნიშნებისა, მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს გვხვდება ისეთი უჩვეულო სიმპტომებიც, როგორებიცაა ინტერესის დაკარგვა ახალშობილის მიმართ, ნეგატიური ფიქრები მის შესახებ, მისთვის ზიანის მიყენების სურვილიც კი. ასეთი დედები, ჩვეულებრივ, ძუძუს არ აწოვებენ და არ ეთამაშებიან პატარას. ისეც ხდება, რომ დედა ზოგჯერ ზრუნავს შვილზე, ზოგჯერ კი სრულიად არ აქცევს ყურადღებას და უარყოფითადაც კია განწყობილი. თუ თქვენ მშობიარობის შემდგომი დეპრესიით ხართ შეპყრობილი, ნუ იფიქრებთ, თითქოს ცუდი დედა იყოთ; ეს დაავადებაა და მკურნალობა სჭირდება. მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, თუ არ იმკურნალეთ, ეს მდგომარეობა გავნებთ როგორც თქვენ, ასევე ბავშვსაც. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებთან ერთად ზოგჯერ გამოიყენება ქალის სასქესო ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპიაც.

არც ძლიერს ინდობს
მიგვაჩნია, რომ მამაკაცი ძლიერია და იოლად მართავს თავის ემოციებს. მიგვაჩნია, რომ მას შეუძლია, არაფრად ჩააგდოს იმედგაცრუება, უიმედობა ან ასეთ დროს უბრალოდ დათვრეს. სინამდვილეში კი დეპრესია მამაკაცებს შორისაც საკმაოდ არის გავრცელებული. ის გავლენას ახდენს შრომისა და სწავლის უნარზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე; იცვლება ჩვეულებები, ქრება სიხარულის განცდა. დადგენილია, რომ დეპრესიის გამო მამაკაცები ქალებზე 4-ჯერ ხშირად იკლავენ თავს.
თუ თქვენ ძლიერი სქესის წარმომადგენელი ბრძანდებით და დეპრესია გაწუხებთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროთ, რომ დეპრესია არ არის მამაკაცისთვის სამარცხვინო მდგომარეობა. ის სისუსტის ნიშანი კი არ არის, არამედ დაავადებაა, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება. დეპრესია ნებისმიერი ასაკის მამაკაცს შეიძლება დაემართოს და ესა თუ ის გართულებაც კი (მაგალითად, გულის დაავადება) გამოიწვიოს. დროდადრო განწყობა ყოველ ჩვენგანს უფუჭდება და ეს ბუნებრივია, მაგრამ როდესაც უიმედობისა და იმედგაცრუების განცდა ინტენსიურია და მას თავს ვერ ვაღწევთ, როდესაც იგი გავლენას ახდენს შრომისა და სწავლის უნარზე, როდესაც მის გამო იცვლება დამოკიდებულება ოჯახის წევრებისა და ახლობელ-მეგობრების მიმართ, იკარგება ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უნარი, – ეს უკვე შეიძლება იყოს დეპრესია.
სამწუხაროდ, მამაკაცების დეპრესია ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ვინაიდან ძლიერ სქესს უჭირს საკუთარ გრძნობებზე საუბარი. ნაცვლად იმისა, რომ სულიერ განცდებზე გაამახვილონ ყურადღება, ისინი ამჯობინებენ, ისაუბრონ ფიზიკურ სიმპტომებზე, რომლებიც ხშირად ახლავს თან დეპრესიას : ზურგის ტკივილზე, თავის ტკივილზე, ძილის დარღვევაზე, სქესობრივ პრობლემებზე… შედეგად კი აღმოჩნდება, რომ ძირითადი პრობლემა მიჩქმალულია და დეპრესიის საწინააღმდეგო მკურნალობა არ ინიშნება. ყოველივე ამას შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს. მაგალითად, მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებისას პაციენტმა შესაძლოა თვითმკვლელობაზე დაიწყოს ფიქრი.
ამრიგად, თუ ეჭვობთ, რომ დეპრესია გაქვთ, გაითვალისწინეთ: ექიმთან საუბრისას მხოლოდ ფიზიკურ სიმპტომებს კი არ უნდა გაუსვათ ხაზი, არამედ იმ განცდების შესახებაც უნდა მოუყვეთ, რაც მოსვენებას არ გაძლევთ. დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმი შემოგთავაზებთ მკურნალობის მეთოდს, რომელიც აუცილებლად გაუმკლავდება თქვენს დეპრესიას.
მამაკაცი შეიძლება სრულიად სხვაგვარად განიცდიდეს დეპრესიას, ვიდრე ქალი. თუ ზოგიერთი მამაკაცის დეპრესია სტანდარტული სიმპტომებით – სევდიანობით, მეგობრებისადმი და საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვით ვლინდება, ზოგი შესაძლოა გახდეს აგრესიული, დაიწყოს თავდაუზოგავად მუშაობა, სმა ან ხელი მიჰყოს სარისკო საქმიანობას.
სამწუხაროდ, მამაკაცები ხშირად ცდილობენ, უგულებელყონ თავიანთი განცდები, საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებენ შინაგან პრობლემებს და ცდილობენ, ისინი ამა თუ იმ ქცევით გადაფარონ.
მამაკაცთა დეპრესიისათვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია სამი ნიშან-თვისება:
. ფიზიკური დისკომფორტი. დეპრესიის დროს მამაკაცი შესაძლოა უჩიოდეს ზურგის ტკივილს, თავის ტკივილს, ძილის დარღვევას, სქესობრივ დისფუნქციას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომებს, რომლებიც შესაბამის მკურნალობას არ ექვემდებარება.
. ბრაზი, გაღიზიანებადობა, აგრესიული მოქმედება, ხშირად – ძალადობაც კი. ზოგიერთი მამაკაცი მეუღლისთვის, შვილებისა და საყვარელი ადამიანებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც კი იწყებს.
. აზარტულობა. ზოგიერთი მამაკაცი თავდავიწყების მიზნით ექსტრემალურ სპორტს, აზარტულ თამაშებს, სასმელს, ნარკოტიკებს მიმართავს, ზოგიერთი ანგარიშმიუცემლად მართავს მანქანას და სხვა.
დეპრესიას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, ნუ დააყოვნებთ, მიმართეთ ექიმს. უპირველეს ყოვლისა, ესაუბრეთ მას გულახდილად. ილაპარაკეთ როგორც საკუთარ განცდებზე, ასევე ფიზიკურ სიმპტომებზე. მხოლოდ ამგვარად მოხერხდება, სათანადოდ შეფასდეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაისვას სწორი დიაგნოზი. დეპრესიის საწინააღმდეგოდ ექიმმა შეიძლება შეგირჩიოთ მედიკამენტები, ფსიქოთერაპიული სეანსები, ვარჯიში და სხვა. ანტიდეპრესიული მეთოდები, როგორც წესი, საკმაოდ ეფექტურია მამაკაცთა დეპრესიის მოსახსნელად, რაშიც ყველაზე სკეპტიკოსი მამაკაცებიც კი არაერთხელ დარწმუნებულან.

განსაკუთრებული ყურადღება მოზარდებს
დეპრესია თინეიჯერის ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას. ამ ასაკში ის განსაკუთრებით სერიოზული დაავადებაა. მოზარდების დეპრესიას მხოლოდ ოჯახსა და სკოლაში როდი მოჰყვება პრობლემები – მათ შეიძლება მიმართონ ნარკოტიკებს და ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაული. ზოგჯერ ყალიბდება ისეთი გაუკუღმართებული მდგომარეობა, როგორიც არის საკუთარი თავის სიძულვილი. ამ დროს მოზარდი იჩენს ძალადობას საკუთარი თავის მიმართ ან მიმართავს სუიციდს.
საბედნიეროდ, თინეიჯერების დეპრესია იკურნება. უფრო მეტიც: თუ თქვენ ბრძანდებით დეპრესიით შეპყრობილი მოზარდის მშობელი, მასწავლებელი ან მეგობარი, ბევრი რამ შეგიძლიათ შეცვალოთ სასიკეთოდ. შეისწავლეთ დეპრესიის სიმპტომები და თუ ისინი შეატყვეთ მოზარდს, გამოსავალი ეძებეთ.
მოზარდების დეპრესიის შესახებ საზოგადოებაში მრავალი მცდარი შეხედულებაა გაბატონებული. მართალია, ეს უხეში და ჯიუტი ასაკია, მაგრამ თინეიჯერების უმეტესობას შესწევს უნარი, საკუთარი ვნებათაღელვა დააბალანსოს კარგი მეგობრობის, სწავლაში, სპორტში ან სხვა საქმიანობაში მიღწეული წარმატებების ხარჯზე. ზოგჯერ ისინი უგუნებოდ არიან და არაორდინარულადაც კი იქცევიან, მაგრამ ასეთი რამ ამ ასაკში დასაშვებია, თუ ხშირი არ არის. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები დეპრესიის გამოხატულებას არ წარმოადგენს. დეპრესია მოზარდის პიროვნებას ძირეულად შეძრავს. ამ დროს მათ დაუძლეველი სევდა, უიმედობა ან ბრაზი ეუფლებათ.
რაც უფრო ღრმად შეისწავლის მედიცინა დეპრესიას სიყრმის ასაკში, მით უფრო მეტად რწმუნდება, რომ ეს დაავადება უფრო ფართოდ არის გავრცელებული მოზარდებს შორის, ვიდრე წარმოგვიდგენია. ახალგაზრდა პაციენტების დიდი ნაწილი არ მიმართავს ექიმს და მკურნალობის გარეშე რჩება. მოზრდილებისგან განსხვავებით, რომლებიც თვითონვე მართავენ საკუთარ ცხოვრებას, მოზარდები დამოკიდებულნი არიან მშობლებზე, მასწავლებლებსა და მომვლელებზე, რომლებიც უნდა მიუხვდნენ, რა პრობლემა აწუხებთ მათ. ამიტომ, თუ ურთიერთობა გაქვთ მოზარდთან, სასურველია, კარგად გაეცნოთ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი დეპრესიის სიმპტომებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ ეს ცოდნა.
მოზარდი დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მომწიფების ასაკში მის წინაშე უამრავი კითხვა წამოიჭრება: ვინ არის ის? რა ადგილი უკავია მას ცხოვრებაში? – და ა. შ. ბავშვობიდან ზრდასრულობისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები ხშირად წარმოშობს გაუგებრობას მშობლებსა და შვილებს შორის, რასაც კონფლიქტი მოჰყვება. ამდენი ხასიათობრივი და ფსიქოლოგიური ცვლილებების ფონზე ზოგჯერ ძნელია ერთმანეთისგან განასხვაო მოზარდის შეცვლილი, მაგრამ ნორმალური განწყობილება და დეპრესიული მდგომარეობა. გარემოებას უფრო მეტად ართულებს ის ფაქტი, რომ ზოგჯერ მოზარდების დეპრესია არ გამოვლინდება ისეთი ტიპური ნიშნებით, როგორიც არის სევდიანობა და გარშემო მყოფებისგან გარიყვა; ზოგიერთ დეპრესიულ თინეიჯერს გაღიზიანებადობა და აგრესიულობა ახასიათებს.
ზრდასრული ადამიანებისგან განსხვავებით, მოზარდთა დეპრესიისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
. გაღიზიანებადობა და ბრაზი. როგორც აღვნიშნეთ, ამ ასაკს სევდიანობაზე მეტად გაღიზიანებადობა ახასიათებს. დეპრესიით შეპყრობილი თინეიჯერები ხშირად ბუზღუნებენ, მტრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ამა თუ იმ პიროვნების მიმართ, ადვილად ეცვლებათ განწყობილება და ადვილად კარგავენ წონასწორობას, შესაძლოა ბრაზისგან თავიც კი დაკარგონ.
. აუხსნელი ტკივილის ფენომენი. დეპრესიის დროს მოზარდები (ისევე, როგორც ზრდასრული მამაკაცები) ხშირად უჩივიან თავისა და მუცლის ტკივილს. ასეთ ჩივილებს რაიმე ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.
. გადაჭარბებული მგრძნობიარობა კრიტიკისადმი. დეპრესიული თინეიჯერები ხშირად იტანჯებიან უვარგისობის განცდით და ამიტომ განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ კრიტიკას, უარყოფას ან წარუმატებლობას. ასეთი მგრძნობიარობა უფრო მეტად ახასიათებთ უიღბლო და ნაკლებად წარმატებული მოზარდებს.
. ადამიანებისგან არჩევითად განდგომა. თუ ზრდასრული პირი დეპრესიის დროს ყველა ადამიანისადმი კარგავს ინტერესს, მოზარდები ასე არ იქცევიან. ისინი აგრძელებენ ურთიერთობას ზოგიერთ ნაცნობ-მეგობართან, თუმცა იმავდროულად მათი სოციალური აქტივობა ადრინდელთან შედარებით შესუსტებულია. ისინი შესაძლოა გახდნენ გულჩათხრობილნი მშობლებთან, ზოგჯერ შორდებიან ძველ მეგობრებს და ახალს ეძებენ.
თინეიჯერების დეპრესიის ერთადერთი შედეგი მძიმე მელანქოლია არ არის; მან შესაძლოა გამოიწვიოს არაჯანსაღი და ასოციალური შეხედულებები და ქცევები. ვინაიდან დეპრესიის გამო დაქვეითებულია ენერგიაც და კონცენტრირების უნარიც, მოზარდმა, რომელიც მანამდე კარგად სწავლობდა, შესაძლოა გააცდინოს გაკვეთილები და უარი თქვას სწავლაზე. ზოგჯერ დეპრესიული ახალგაზრდა შინიდან გაქცევას ცდილობს, რაც მეტად სახიფათო მდგომარეობაა. ზოგიერთი გულს ნარკოტიკებს აყოლებს. ანორექსია და ბულემიაც ზოგჯერ დეპრესიის მაუწყებელია. ზოგიერთს ინტერნეტი იტაცებს და ამგვარად ცდილობს მოსწყდეს პრობლემებს, მაგრამ ეს მხოლოდ ამძაფრებს პიროვნების მარტოსულობასა და იზოლაციას. დეპრესიის ერთ-ერთი მეტად არასასურველი შედეგია თვითდაზიანების, თვითდამახინჯების მცდელობა. ზოგიერთმა თინეიჯერმა შესაძლოა სარისკო ქმედებასაც მიჰყოს ხელი. ბიჭები, რომლებიც სხვადასხვა ძალადობის მსხვერპლნი არიან, შემდგომ თვითონვე ხდებიან სასტიკი მოძალადეები. დეპრესიული მოზარდები ხშირად ფიქრობენ და საუბრობენ სუიციდზე. ზოგჯერ თვითმკვლელობის მცდელობა ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად. ასეთი ფიქრები და მცდელობები ყოველთვის საყურადღებო და საგანგაშოა.
თუ ეჭვობთ, რომ მოზარდი დეპრესიით არის შეპყრობილი, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ნუ გეგონებათ, რომ დეპრესია დროებითი მოვლენაა და თავისთავად გაივლის. პირველ რიგში, სცადეთ გაესაუბროთ მოზარდს. საუბრის დროს ნუ განსჯით მას “უსაქციელობისა” თუ უცნაურობის გამო. იყავით თანაგრძნობით აღსავსე მსმენელი და არა ჭკუის დამრიგებელი. თუ მოზარდი უარყოფს დეპრესიას და ამ თემაზე საუბარს გაურბის, ამ შემთხვევაში მიენდეთ საკუთარ ინსტინქტს. მიმართეთ ექიმს, რომელიც უკეთ გაერკვევა მოზარდის მდგომარეობაში.
სუიციდი თუ მისი მცდელობა საკმაოდ არის გავრცელებული თინეიჯერებს შორის. დროთა განმავლობაში ასეთი შემთხვევები ხშირდება. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 15-დან 24 წლამდე ასაკში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის სუიციდს მესამე ადგილი უკავია. ეს ძალზე დამაფიქრებელია. თვითმკვლელობას საფუძვლად უდევს სხვადასხვა ფსიქოლოგიური აშლილობა. ერთ-ერთი მათგანია დეპრესია. ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გატაცების შემთხვევაში სუიციდის რისკი კიდევ უფრო მაღალია. ამდენად, მოზარდის სუიციდური ფიქრები და მცდელობები უდიდეს ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ექიმის რჩევა-დარიგება და მკურნალობა.
ჩამოვთვლით იმ საგანგაშო სიმპტომებს, რომლებიც შესაძლოა სუიციდური ფიქრების გამოვლინება იყოს:
. საუბარი თვითმკვლელობაზე, თუნდაც ხუმრობით;
. ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ჯობს, მოვკვდე“, „რომ შეიძლებოდეს, სამუდამოდ გავქრებოდი“, „გამოსავალი არ არსებობს“;
. სიკვდილზე საუბარი პოზიტიური კუთხით, შესაძლოა, რომანტიკულადაც კი (მაგალითად, „რომ მოვკვდებოდე, ხალხი უფრო მეტად შემიყვარებდა და დამაფასებდა“);
. სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე მოთხრობებისა და ლექსების წერა;
. მაღალი რისკის აქტივობაში ჩაბმა ან სხეულის ტრავმატიზაციის ალბათობის მქონე უბედური შემთხვევების „ძიება“;
. საკუთარი პიროვნებისა და კეთილდღეობის უგულებელყოფა;
. მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან გამოთხოვება, რომელსაც სამუდამოდ გამოთხოვების ელფერი ადევს;
. იარაღის, ტყვიებისა და სხვა ისეთი ნივთების მოძიება, რომელთა გამოყენება შეიძლება თვითმკვლელობისთვის.
თუ ეჭვობთ, რომ მოზარდი მართლაც შეპყრობილია ასეთი ფიქრებით, იმოქმედეთ დროულად და მართებულად. პირველ რიგში, გაესაუბრეთ თავად მას მისი სევდიანობისა და იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც ამჩნევთ. ეცადეთ იყოთ გამგები, მომთმენი და მეგობრული, ან იქნებ ისეთი პიროვნება შეარჩიოთ საუბრისათვის, ვისთანაც ის ბოლო ხანს უფრო ახლოა და გულწრფელია. თუ მოახერხებთ და მეტ-ნაკლებად გულახდილი საუბარი შედგება, ეს უკვე ძალიან კარგია. ეცადეთ, დაიოკოთ ემოცია და არ გამოხატოთ აგრესია. თუ აღმოაჩენთ, რომ მოზარდს მართლაც აწუხებს თვითმკვლელობაზე ფიქრი, ნუ შეახსენებთ მას ვალდებულებებს ოჯახისა და საზოგადოების წინაშე, ნუ დაუწყებთ კამათს იმის თაობაზე, რომ მისი გადაწყვეტილება მცდარია. უბრალოდ, აგრძნობინეთ, რაოდენ ძვირფასია ის თქვენთვის, აუხსენით, რომ ყოველგვარი სიტუაციიდან შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი, აღუთქვით დახმარება და მხარდაჭერა, მაგრამ ნუ დააკნინებთ იმ პრობლემებს, რამაც ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. მთავარი ის კი არ არის, რამდენად სერიოზულია ეს პრობლემები, არამედ ის, რამდენად მტკივნეულია ისინი მოზარდისათვის. რაღა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და მისდიეთ მის რჩევა-დარიგებას.

ვებრძვით დეპრესიას

დეპრესიის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი. მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია მედიკამენტური თერაპია და ფსიქოთერაპია. ორივე მეთოდი ეფექტურია, ხოლო მათი კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში შედეგი საუკეთესოა.
ანტიდეპრესიული პრეპარატი ბევრია. მათ რამდენიმე ჯგუფად ყოფენ. მოკლედ მიმოვიხილავთ ზოგიერთ მათგანს. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. მრავალი ექიმი სწორედ ამ ანტიდეპრესანტებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ისინი სხვებთან შედარებით უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენებიც უფრო ნაკლებად აქვს გამოხატული. ეს პრეპარატები მრავალგვარი დასახელებით გამოდის, თუმცა მათი მოქმედი ნივთიერება სულ რამდენიმეა. ესენია: ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, ციტალოპრამი და ესციტალოპრამი. მკურნალობის დროს აღმოცენებული გვერდითი მოვლენები დროებითია, ისინი მხოლოდ მკურნალობის დასაწყისში იჩენს თავს და მერე თანდათანობით გაივლის. მათ მიეკუთვნება საჭმლის მონელების დარღვევა, აღგზნებულობა, თავის ტკივილი, უძილობა და სხვა. დეპრესიის მექანიზმებს შორის განიხილება თავის ტვინში სეროტონინის უკმარისობის მექანიზმიც. ამ ჯგუფის პრეპარატები ზრდის თავის ტვინში სეროტონინის კონცენტრაციას, რაც განწყობილების ამაღლებას უზრუნველყოფს. სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. ზემოხსენებული ჯგუფისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ სეროტონინის კონცენტრაციაზე ახდენს გავლენას, ეს პრეპარატები მოქმედებს ორ სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერზე: სეროტონინსა და ნორეპინეფრინზე (ნორადრენალინზე). მათ მიეკუთვნება ვენლაფაქსინი. ამ ჯგუფის პრეპარატების უსაფრთხოების პროფილი და გვერდითი მოვლენები სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებისას ჰგავს.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. ეს ჯგუფი გაცილებით ძველია, ვიდრე პირველი ორი, თუმცა ეფექტურობით ახალ ანტიდეპრესიულ პრეპარატებს არ ჩამოუვარდება. მათ რიცხვს მიეკუთვნება ამიტრიპტილინი, იმიპრამინი, კლომიპრამინი და სხვა. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს მრავალი გვერდითი მოვლენა აქვს, რასაც ზოგჯერ პაციენტი ვერ ეგუება. ამიტომ არის, რომ ხშირად ექიმები დეპრესიის მკურნალობას ამ ჯგუფის პრეპარატებით არ იწყებენ. მათ უმთავრესად მაშინ იყენებენ, როცა ზემომოხსენებული ჯგუფის პრეპარატები უეფექტო აღმოჩნდება. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენებია არტერიული წნევის დაქვეითება, პირის სიმშრალე, მხედველობის დაბინდვა, ყაბზობა, შარდის შეკავება, გულის ფრიალი, გაბრუება და სხვა. ხანდაზმულებს შესაძლოა განუვითარდეთ მეხსიერების დარღვევა და ჰალუცინაციებიც კი. ცნობილია ასევე, რომ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები წონის მატებას იწვევს.
ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან ერთად ექიმმა შეიძლება გამოიყენოს სხვა ჯგუფის მედიკამენტებიც – მასტიმულირებელი, სედაციური, ანტიფსიქოზური… ყოველი ადამიანი ინდივიდია, რის გამოც ამა თუ იმ პაციენტისთვის სწორი მკურნალობის შერჩევას შესაძლოა განსაზღვრული დრო და ძალისხმევა დასჭირდეს. აღსანიშნავია ასევე, რომ ანტიდეპრესიული პრეპარატების მოქმედების შედეგი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ (3-დან 8 კვირამდე) ხდება თვალსაჩინო. ამდენად, მკურნალობის შეწყვეტა ექიმის მიერ მითითებულ ვადაზე ადრე არასასურველია. გვერდითი მოვლენების აღმოცენების შემთხვევაში ნუ შეწყვეტთ მკურნალობას, დაუკავშირდით ექიმს და აცნობეთ მას ამ გვერდითი მოვლენების შესახებ. შესაძლოა, პრეპარატის შეწყვეტა სულაც არ იყოს საჭირო და გვერდითი მოვლენების შესამცირებლად დოზის კორექციაც საკმარისი აღმოჩნდეს. გახსოვდეთ ისიც, რომ ანტიდეპრესიული პრეპარატი ერთბაშად არ უნდა მოიხსნას. ამ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მოხსნის სინდრომი. ანტიდეპრესიული პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს და მიღება ამგვარად შეწყდეს.
იწვევს თუ არა ანტიდეპრესიული პრეპარატები შეჩვევას? ტრანკვილიზატორები (დიაზეპამი, ფენაზეპამი, ბრომაზეპამი, ალპრაზოლამი) ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში მართლაც იწვევს შეჩვევას, რის შემდეგაც პრეპარატის მოხსნა ძალიან ძნელია. როგორც ჩანს, მოსახლეობაში ეს ცოდნა განზოგადდა ანტიდეპრესიულ პრეპარატებზეც და პაციენტების გარკვეული ნაწილი მიჩვევის შიშით ანტიდეპრესანტების მიღებაზე უარს ამბობს. ტრანკვილიზატორები და ანტიდეპრესანტები სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებია. ანტიდეპრესიული ჯგუფის პრეპარატების მოხსნის სინდრომი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ტრანკვილიზატორებისა, ხოლო დოზების თანდათანობითი შემცირების შემთხვევაში საფრთხე უმეტესად არც კი არსებობს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ტრანკვილიზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მოკლე ხნით შეიძლება იქნეს გამოყენებული, ანტიდეპრესიული პრეპარატების გამოყენება დიდი ხნის განმავლობაშიც შეიძლება.
იწვევს თუ არა ანტიდეპრესიული პრეპარატები სუიციდური ფიქრების პროვოცირებას? ეს საფრთხე მართლაც არსებობს, უმთავრესად – მოზარდებში, რომელთა შორისაც სუიციდური ფიქრები ყოველგვარი მკურნალობის გარეშეც ყველაზე მეტად არის გავრცელებული (იხ. თავი “მოზარდების დეპრესია”). გარდა პაციენტის ასაკისა, საფრთხის ზომა დამოკიდებულია დეპრესიის სიმძიმეზეც. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეპრესიების შემთხვევაში ანტიდეპრესიული მკურნალობის ფონზე სუიციდური ფიქრები, ჩვეულებრივ, არ აღმოცენება. ცნობილია ასევე, რომ ეს გვერდითი მოვლენა მკურნალობის დასაწყისში იჩენს თავს, ხოლო მოგვიანებით უკუვითარდება. ამდენად, თუ ახალგაზრდა პაციენტს აქვს მძიმე დეპრესია, მკურნალობის დასაწყისში მისმა ახლობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რა გავლენას ახდენს მასზე მკურნალობა, ხომ არ შეინიშნება უკურეაქცია და მდგომარეობის გაუარესება: გაღიზიანებადობა, აგზნებულობა, უძილობა. თუ მკურნალობის დასაწყისში ასეთი სიმპტომები შეამჩნიეთ, დროულად დაუკავშირდით ექიმს. ამ რჩევების წაკითხვის შემდეგ ხელს ნუ ჩაიქნევთ და ნუ იფიქრებთ, რომ ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან შეჭიდება მეტისმეტად რთული ყოფილა. ყველაფერი გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს რეკომენდაციები იმისთვის მოგეცათ, რომ გაითვალისწინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ექიმის ყოველი მითითება და გახსოვდეთ, რომ დამოუკიდებლად, თქვენი ინიციატივით, მკურნალობაში ცვლილებები არ უნდა შეიტანოთ.

მკურნალი სიტყვა

ფსიქოთერაპია დეპრესიის მკურნალობის არამედიკამენტური ალტერნატივაა, რომელიც მიზნად ისახავს, პაციენტის პრობლემების განხილვითა და საუბრით მიაღწიოს სასურველ შედეგს. ასეთი საუბრები პაციენტს ეხმარება, უკეთ გაარკვიოს თავისი დეპრესიული მდგომარეობის მიზეზები, უფრო ადვილად იპოვოს გამოსავალი მდგომარეობიდან, გაუმკლავდეს უარყოფით ემოციებსა თუ ფიქრებს.
ფსიქოთერაპიას სხვადასხვა მეთოდი აქვს. ყოველი მათგანი განსხვავებულ პრინციპებს ეფუძნება. კოგნიტური ქცევითი თერაპია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს, აღმოაჩინოს საკუთარ თავში ის მცდარი შეხედულებები, რწმენა თუ ქცევის ნორმა, რომელსაც იგი დეპრესიულ განწყობილებამდე მიჰყავს. ასეთი შეხედულებებისა და მოქმედებების ჯანსაღი მიმართულებით შეცვლა ხელს უწყობს პაციენტს, განსხვავებულად შეხედოს მოვლენებს და პრობლემებსაც უფრო უკეთ მომზადებული ხვდება. კოგნიტური ქცევითი თერაპია პრობლემებს, მართალია, ვერ აგვარებს, მაგრამ ეხმარება პაციენტს, განსხვავებული კუთხით შეხედოს და უფრო ადვილად გაუმკლავდეს მათ.
დეპრესიას ადამიანი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება, მაგრამ არსებობს წესები, რომელთა დაცვით პაციენტი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საკუთარ თავს. თუ დეპრესია გაწუხებთ, მისდიეთ ჩვენს რჩევებს:
– ნუ შეწყვეტთ ანტიდეპრესიული პრეპარატების მიღებასა და ფსიქოთერაპიულ სეანსებს სურვილისამებრ მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში დეპრესიული მდგომარეობა დაგიბრუნდებათ;
– ივარჯიშეთ! ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. ისეირნეთ, ირბინეთ, იცურავეთ. შეარჩიეთ ისეთი აქტივობა, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
– ერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. მათ მიერ მოგვრილი შვება დროებითი და მაცდურია. სინამდვილეში კი ალკოჰოლი და ნარკოტიკები ადამიანს დეპრესიაში უფრო ღრმად ითრევს.
– მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. სრულფასოვანი ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეპრესიის სიმპტომების უკუგანვითარებისთვის. თუ ცუდად გძინავთ, აუცილებლად აცნობეთ ამის თაობაზე ექიმს.
– ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ნუ დაიგროვებთ გულში უარყოფით ემოციებს. მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ ახლო მეგობარს. მოიწვიეთ მეგობრები შინ ან თავად ესტუმრეთ მათ. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები. შესაძლოა, საამისო განწყობილება არ გქონდეთ, მაგრამ ეცადეთ, საზოგადოებისგან არ გაირიყოთ. შეინარჩუნეთ ურთიერთობები თუნდაც მცირედი ძალდატანების ფასად.
– მიეცით თავს მცირედი ფუფუნების უფლება: გაატარეთ თავისუფალი დრო ბუნების წიაღში, უყურეთ მხიარულ ფილმებს, დიდხანს ინებივრეთ აბაზანაში, მოუსმინეთ მუსიკას, წერეთ დღიური (თუ ეს თქვენთვის მისაღებია), გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვის, რომლისთვისაც ვერ იცლიდით ბოლო ხანს.
– მიიღეთ სრულფასოვანი საკვები. ეს აუცილებელია ენერგიისა და ჯანმრთელობისთვის.

ავერსი

თვითმკვლელობა ანუ სუიციდი — საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა

თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ

ფრანგი სოციოლოგის ემილ დიურკემის მოსაზრების არსებობს სუიციდის შემდეგი ტიპები: 
ეგოისტური თვითმკვლელობები – მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები; 

ანომიური თვითმკვლელობა – ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს; 
ალტრუისტული თვითმკვლელობა – ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როცა პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ. 
ფატალისტური თვითმკვლელობა – ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად 

არსებობს ფარული სუიციდიც, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით. მათი მიღება თვითდესტრუქციული ქცევაა, რომელიც პირდაპირ მიმართულია სიცოცხლის შემოკლებისკენ. ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება იზრდება სოციალური პრობლემების პროპორციულად, როცა ადამიანი მათი მეშვეობით ცდილობს რეალობიდან გაქცევას, თუმცა, სინამდვილეში, მისდა უნებურად, სიცოცხლეს გაურბის.თვითმკვლელობა ხშირად არის დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთან: თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფენ ესენია: 
სულიერი აშლილობა, როცა ადამიანი დაავადებული, გაუწონასწორებელია და ეს ორგანული დაზიანებიდან გამომდინარეობს. 

სტრესი – შესაძლოა, პირმა აფექტის შედეგად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.
დეპრესიული მდგომარეობა, როცა პირი თავისი არსებობის აზრს ვერ ხედავს, რამაც, შესაძლებელია, თვითგანადგურების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს – ამით გამოხატავს აგრესიას საკუთარი თავის მიმართ. 

არასოდეს იფიქროთ თვითმკვლელობაზე! ეს უდიდესი ცოდვაა! სიცოცხლე უფლისაგანაა ნაბოძები და მხოლოდ მას აქვს უფლება წაგვართვას ის! ასე რომ გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და ამით თქვენივე საყვარელ ხალხს! 😉 !!!

წამალი ბუნებისგან: მწვანე ჩაი

თუ შეიძლება, მოდა ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებსაც ეხებოდეს, მწვანე ჩაის კონკურენციას ძალიან ცოტა მცენარე თუ გაუწევს. კუჭ-ნაწლავის პრობლემები, სიმსივნეები,  თავის ტკივილი – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მოსაგვარებლად თუ თავიდან ასაცილებლად ნაცნობ-მეგობრები თუ მასმედია მწვანე ჩაის გვირჩევენ. გარდა იმისა, რომ სვამენ, მის საფენებს იყენებენ დაღლილი და შეშუპებული თვალების გამოსაცოცხლებლადაც…

მოდი, ერთად გადავამოწმოთ, ჩვენი წარმოდგენების რა ნაწილს ადასტურებს მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა.

შეგახსენებთ: Pharmacist Letter-ის ვებგვერდის ბუნებრივი მედიკამენტების მონაცემთა სრული ბაზა თითოეული წამლის ეფექტიანობას შემდეგი შკალით აფასებს: ეფექტური – სავარაუდოდ ეფექტური – ალბათ ეფექტური – ალბათ უეფექტო – სავარაუდოდ უეფექტო – უეფექტო/ეფექტურობის შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ არის. ამიტომაც თუ ამ რუბრიკაში თხრობა პირდაპირ სავარაუდოდ ან ალბათ ეფექტურიდან იწყება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეფექტურობის მტკიცებისთვის საკმარისი საბუთი ჯერ არ არსებობს. სარწმუნო მონაცემების დაგროვებას დრო სჭირდება, ამიტომ ფრთხილი და ყოველი სიტყვის ამწონ-დამწონი ექსპერტები მკვეთრ განცხადებებს შკალას ამჯობინებენ.

სავარაუდოდ ეფექტურია:
– გენიტალური კონდილომების დროს. ამ დანიშნულების მქონე მწვანე ჩაის ექსტრაქტის შემცველი მალამო FDA-ს – ამერიკის წამლისა და პროდუქტების სააგენტოს – დარეგისტრირებული აქვს.
– გამოსაფხიზლებლად – კოფეინის შემცველობის გამო.

ალბათ ეფექტურია:
– ხანდაზმულებში ფეხზე დგომისას თავბრუხვევის (ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის) შესამცირებლად.
. შარდის ბუშტის, საყლაპავის, საკვერცხისა და პანკრეასის კიბოს თავიდან ასაცილებლად. როგორც ჩანს, ჩაის მოყვარულ ქალებს საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი მათზე გაცილებით ნაკლები აქვთ, ვინც ამ სასმელს იშვიათად სვამს ან საერთოდ არ ეკარება. ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგების თანახმად, დღეში ორი ფინჯანი და მეტი მწვანე ჩაი საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს 46%-ით ამცირებს.
– პარკინსონის დაავადების ალბათობის შესამცირებლად ან მისი დაწყების გადასავადებლად. მაქსიმალური დამცავი ეფექტი, როგორც ჩანს, დღეში ერთიდან ოთხ ფინჯნამდე მწვანე ჩაის უნდა ჰქონდეს.
–  დაბალი არტერიული წნევის დროს. მწვანე ჩაი შეიძლება დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთაც არტერიული წნევა ჭამის შემდეგ უქვეითდებათ.
– სისხლში ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების მომატებული დონის დასაქვეითებლად.
– საშვილოსნოს ყელის უჯრედების ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციით გამოწვეული ანომალიური გადაგვარებისა და გამრავლების შესამცირებლად.

ალბათ უეფექტოა:
– მსხვილი ნაწლავის კიბოს თავიდან ასაცილებლად.

ეფექტურობის შესაფასებლად მონაცემები საკმარისი არ არის:
. წონის დასაკლებად. მწვანე ჩაის სპეციფიკური ექსტრაქტის მიღება ზომიერად ჭარბწონიან ადამიანებს შესაძლოა წონის დაკლებაში დაეხმაროს, თუმცა, როგორც ჩანს, ნორმალური წონის შესანარჩუნებლად არ გამოგვადგება.
. მაღალი წნევის თავიდან ასაცილებლად. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მწვანე ჩაის რეგულარულად მსმელ ადამიანებს ჰიპერტენზიის განვითარების ნაკლები საფრთხე ემუქრებათ, თუმცა სხვადასხვა გამოკვლევის მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია.
. ინსულტის პრევენციისთვის. იაპონიაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგების თანახმად, დღეში სამი ფინჯანი მწვანე ჩაი ერთ ფინჯანთან შედარებით საგრძნობლად ამცირებს ინსულტის რისკს. თანაც, როგორც ჩანს, ქალებისთვის უფრო მარგებელია.
. ძვლების დასუსტების (ოსტეოპოროზის) თავიდან ასაცილებლად. მოსახლეობის ჯანმრთელობის შესწავლის საფუძველზე გამოითქვა ვარაუდი, რომ ათი წლის განმავლობაში მწვანე ჩაის სმა ძვლებს განამტკიცებს. სამაგიეროდ, დაავადების დროს მწვანე ჩაიმ შესაძლოა შარდთან ერთად კალციუმის გამოყოფა გააძლიეროს. ამიტომაც გვირჩევენ, კოფეინის 300 მგ-იან ლიმიტს არ გადავაჭარბოთ (ეს  დაახლოებით 2-3 ფინჯანი მწვანე ჩაია).
. II ტიპის დიაბეტის თავიდან ასაცილებლად. იაპონიაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, დღეში 6 ფინჯანი ან მეტი მწვანე ჩაის მსმელ ზრდასრულ ადამიანს II ტიპის დიაბეტის განვითარების 33%-ით ნაკლები საფრთხე ემუქრება. ქალებში სხვაობა უფრო მეტად არის გამოკვეთილი.
. ძუძუს კიბოს თავიდან ასაცილებლად. როგორც ჩანს, მწვანე ჩაი აზიელებს ამ დაავადებისგან ვერ იცავს. თანაც მწვანე ჩაის გავლენის შესახებ გამოკვლევათა უმრავლესობა სწორედ აზიის ქვეყნებშია ჩატარებული. ევროპელებში ძუძუს კიბოს განვითარებაზე მწვანე ჩაის გავლენა ნაკლებად შესწავლილია.
. ღრძილების დაავადების  ტავიდან ასაცილებლად. მწვანე ჩაის ექსტრაქტის შემცველი კარამელის ღეჭვა, როგორც ჩანს, ხელს უშლის ნადების დაგროვებას და ამცირებს ღრძილების შეშუპებას.
. პროსტატის კიბოს თავიდან ასაცილებლად. მწვანე ჩაის მოყვარულ ჩინელ მამაკაცებს პროსტატის კიბოს განვითარების ნაკლები საფრთხე ემუქრებათ. რაც მეტ ჩაის მიირთმევენ, მით უფრო ნაკლებია რისკი.
. გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
ასევე:
. ფაღარათის დროს;
. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს;
. თირკმლის ქვების დროს;
. ფილტვის კიბოს დროს;
. კანის კიბოს დროს;
. კარიესის დროს;
. საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს;
. კუჭის კიბოს დროს;
. ლეიკემიის დროს.

როგორ მუშაობს
თუ მწვანე ჩაი ამ მცენარის განსაკუთრებული ჯიში გეგონათ, ცდებოდით. მწვანესაც და შავსაც ერთი და იგივე ბუჩქი ისხამს. განსხვავებას კი ფოთლების დამუშავების ტექნიკა ქმნის. შავი ჩაი სრულად არის ფერმინტირებული, მწვანეს დასამზადებლად კი ნედლი ფოთლები მაღალ ტემპერატურაზე ორთქლით მუშავდება. ეს მეთოდი უზრუნველყოფს პოლიფენოლების შენარჩუნებას, მწვანე ჩაის თვისებები კი, როგორც ჩანს, სწორედ ამ ნივთიერებების დამსახურება უნდა იყოს.

პოლიფენოლები, სავარაუდოდ, ამცირებს ანთებასა და შეშუპებას, იცავს ხრტილს ძვლებს შორის და ამცირებს სახსრის დეგენერაციას, ასევე – ებრძვის პაპილომავირუსულ ინფექციებს და აბრკოლებს საშვილოსნოს ყელში ანომალიური უჯრედების გამრავლებას (დისპლაზიას), თუმცა ამის მიზეზი ჯერ არ აუხსნიათ.

მწვანე ჩაი შეიცავს 2%-დან 4%-მდე კოფეინს, რომელიც აფხიზლებს, დადებით გავლენას ახდენს აზროვნების უნარზე და, სავარაუდოდ, პარკინსონის დაავადების დროს ტვინში ინფორმაციის გადამტანების ფუნქციასაც აუმჯობესებს. ტვინში სპეციალური ნივთიერებების, ნეიროტრანსმიტერების, რაოდენობის გაზრდით კოფეინი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, გულს, კუნთებს.
მწვანე ჩაიში არსებული ანტიოქსიდანტები და სხვა ნივთიერებები შესაძლოა დამცველობით გავლენას ახდენდეს გულსა და სისხლძარღვებზე.

დამატებითი ინფორმაცია
უსაფრთხოების პროფილი
მწვანე ჩაი, სავარაუდოდ, უსაფრთხოა ზრდასრულთა უმრავლესობისთვის. ხანმოკლე გამოყენებისას მწვანე ჩაის ექსტრაქტი ალბათ უსაფრთხოა ადამიანთა უმრავლესობისთვის. ზოგ ადამიანს მწვანე ჩაი მუცლის ტკივილს ან ყაბზობას მართებს. ძალიან იშვიათად მწვანე ჩაის ექსტრაქტი შესაძლოა ღვიძლის დაზიანების მიზეზად იქცეს.

მეტისმეტად ბევრი, მაგალითად, დღეში 5 ფინჯანზე მეტი მწვანე ჩაი ალბათ არ არის უსაფრთხო – შესაძლოა, კოფეინისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს: მსუბუქი ან ძლიერი თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, ღებინება, ფაღარათი, გულის რიტმის დარღვევა, კანკალი, გულძმარვა, თავბრუხვევა, ყურების შუილი, კრუნჩხვები და აბნეულობა. მწვანე ჩაის მეტისმეტად დიდი დოზები შესაძლოა ფატალურიც კი აღმოჩნდეს. მწვანე ჩაიში შემავალი ფატალური დოზა, გამოთვლების თანახმად, 10-14 გ-ია (150-200 მგ/კგ-ზე), თუმცა უფრო ნაკლებსაც შეუძლია, ძლიერი მოწამვლა გამოიწვიოს.

რაც შეეხება მწვანე ჩაიში შემავალ კოფეინს, ის ალბათ უსაფრთხოა. ორსულებისა და მეძუძურებისთვის მწვანე ჩაი მცირე რაოდენობით ალბათ უსაფრთხოა. ნუ დალევთ დღეში ორ ფინჯანზე მეტს. ეს დაახლოებით 200 მგ კოფეინია. ამაზე მეტმა კი შესაძლოა გაზარდოს მუცლის მოშლის რისკი და სხვა არასასურველი ეფექტებიც გამოიწვიოს. კოფეინი დედის რძეში გადადის და შესაძლოა ბავშვს ავნოს, ამიტომ ნუ მიეძალებით მწვანე ჩაის, თუ შვილს ელოდებით ან ძუძუს აწოვებთ.

ზოგიერთი პათოლოგიის დროს მწვანე ჩაიმ შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს. მაგალითად, იმ  დაავადებების დროს, რომელთა დროსაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია, მწვანე ჩაიმ შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს, ამიტომ ასეთ ავადმყოფებს ურჩევენ, მწვანე ჩაის ერიდონ.

მწვანე ჩაის ექსტრაქტის შემცველი საკვები დანამატების მიღებას არ ურჩევენ ღვიძლის დაავადების მქონეთ.

სიფრთხილე გმართებთ, თუ გაქვთ:
. სისხლნაკლებობა (ანემია) – მწვანე ჩაიმ შესაძლოა რკინის შეწოვა შეაფერხოს;
. შფოთვითი აშლილობა;
. გულის რიტმის დარღვევა;
. დიაბეტი – კოფეინმა შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი გაართულოს, ამიტომ სისხლში შაქრის დონის უფრო გულმოდგინე კონტროლია საჭირო;
. გლაუკომა – მწვანე ჩაი თვალშიგა წნევას ზრდის. წნევა, ჩვეულებრივ, ჩაის დალევიდან 30 წუთში იმატებს და მაქსიმუმ 90 წუთის განმავლობაში მომატებული რჩება;
. მაღალი არტერიული წნევა – შესაძლოა, მწვანე ჩაიმ წნევა ასწიოს, მაგრამ თუ ადამიანი რეგულარულად სვამს მას და კოფეინის შემცველ სხვა სასმელებს, ასეთი გავლენა ნაკლებშესამჩნევია.
. ღვიძლის დაავადება

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
საგრძნობი (არ გამოიყენოთ ამ კომბინაციით)
ამფეტამინები, კოკაინი, ეფედრინი
ეს მედიკამენტები სტიმულატორებია და ნერვული სისტემის აჩქარებას იწვევს. ამის გამო მათ ხშირად ახლავს თან კანკალი და გულის რიტმის მომატება. მწვანე ჩაიში შემავალმა კოფეინმაც, ადვილი შესაძლებელია, ნერვულ სისტემაზე ასეთივე გავლენა მოახდინოს. სტიმულატორებთან ერთად მწვანე ჩაის მიღებამ, გამორიცხული არ არის, სერიოზული პრობლემები, მათ შორის – არტერიული წნევის მომატება და გულის რიტმის აჩქარება გამოიწვიოს, ამიტომაც სჯობს ვერიდოთ.

ზომიერი (უფრთხილდით ამ კომბინაციას)
ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა ორგანიზმში კოფეინის დაშლის სიჩქარე შეამციროს, ამიტომ მწვანე ჩაისა და მათი ერთდროული მიღება ზრდის გვერდითი ეფექტების – კანკალის, თავის ტკივილის, პულსის აჩქარების და სხვათა – ალბათობას.
ანალოგიური მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს:
. ქინოლინის შემცველ ანტიბიოტიკებთან (მაგალითად, ციპროფლოქსაცინთან);
. ჩასახვის საწინაააღმდეგო აბებთან;
. ესტროგენებთან;
. ვერაპამილთან;
. ციმეტიდინთან
მწვანე ჩაის კომბინაციის დროს.

ზოგ შემთხვევაში კი კოფეინმა შესაძლოა, პირიქით, შეამციროს სხვა მედიკამენტების დაშლის სიჩქარე, გამოიწვიოს ორგანიზმში მათი მეტი რაოდენობით დაგროვება და გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს:
. ლითიუმთან;
. კლოზაპინთან
მწვანე ჩაის კომბინაციის დროს.

კოფეინისა და ზოგიერთი ისეთი წამლის ერთდროულმა მიღებამ, რომელსაც გულზე მსგავსი ზემოქმედება ახასიათებს, შესაძლოა ჭარბი სტიმულაცია და შესაბამისი გართულებები გამოიწვიოს. ასეთი საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტების – ე.წ. ბეტა-მიმეტიკების (ალბუტეროლი, ტერბუტალინი, იზოპროტერენოლი) მიღებისას, თეოფილინის,
მწვანე ჩაის ექსტრაქტის შემცველი საკვები დანამატებისა და ჰეპატოტოქსიკური (ღვიძლის შესაძლო დაზიანების გამომწვევი) მედიკამენტების ერთდროულმა მიღებამ კი შესაძლოა ეს არასასურველი ეფექტი უფრო მეტად გააძლიეროს.

მწვანე ჩაიმ შესაძლოა სისხლის შედედების უნარი შეამციროს, ამიტომ ამგვარი მოქმედების მედიკამენტებთან (ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან) მისი მირთმევა ზრდის სისხლდენისა და სისხლჩაქცევების რისკს.

არსებობს მონაცემები, რომ მწვანე ჩაის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ვარფარინის ეფექტურობა შეამციროს, რაც თრომბების წარმოქნმნის ალბათობის გაზრდას ნიშნავს (მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია), ამიტომ მწვანე ჩაის მოყვარულებმა, თუ ეს მედიკამენტი აქვთ დანიშნული, უფრო ხშირად უნდა აკონტროლონ სისხლის შედედების უნარი. ზოგჯერ ვარფარინის დოზის შეცვლა ხდება საჭირო.

მცირე (ყურადღებით იყავით ამ კომბინაციის გამოყენებისას)
კოფეინის დაშლის სიჩქარის შემცირება და მისი გვერდითი ეფექტების ალბათობის გაზრდა შესაძლოა გამოიწვიოს ფლიკონაზოლმა, მექსილეტინმა, ტერბინაფინმა. მწვანე ჩაი გავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონეზე – ზრდის ან ამცირებს მას. კოფეინმა შეიძლება შეამციროს შაქრის დამწევი წამლების ეფექტურობა, ამიტომ მწვანე ჩაის მოყვარულებმა სისხლში შაქრის დონე გულდასმით უნდა აკონტროლონ. შესაძლოა, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტის დოზის შეცვლაც გახდეს საჭირო.
 
ურთიერთქმედება საკვებთან
რკინა
მწვანე ჩაიმ შესაძლოა შეამციროს მისი შეწოვა. ადამიანთა უმეტესობისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რკინის დეფიციტის მქონეებმა მწვანე ჩაი ჯობს შუალედებში მიირთვან და არა ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

რძე
არსებობს მოსაზრება, რომ რძესთან ერთად მწვანე ჩაის მიღებამ შესაძლოა ანტიოქსიდანტების შეწოვა და გულისა და სისხლძარღვების დამცავი ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტი შეასუსტოს, თუმცა სხვა კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს.

ალკოჰოლი
სპირტიანმა შესაძლოა კოფეინის დაშლის სიჩქარე გაზარდოს და მისი გვერდითი ეფექტები გააძლიეროს