Category Archives: ორსულობა

ორსულობა, მშობიარობა და მათთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები

აღსრულდა, თქვენ ორსულად ხართ! ერთმანეთში აირია ყველა გრძნობა და ემოცია, რომლებმაც მთელი თქვენი არსება მოიცვა. უზარმაზარი, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი სიხარული, ეჭვები, შფოთვა, სინაზე და სიყვარული იმ პატარა საუნჯის მიმართ, რომელიც თქვენზეა მონდობილი… ან იქნებ ვერაფერი იგრძენით და საკუთარმა გულგრილობამ შეგაშინათ?.. ორსულობა – ეს არის საოცრად ამაღლებული და ამავე დროს უცნაური განცდა. განწყობა, გრძნობა და ემოცია გამუდმებით იცვლება. ეს უმეტესად ჰორმონული ფონის ცვლილებებს (1-ლი ტრიმესტრი), მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდას, სისხლში შაქრის მერყეობას (მე-2 ტრიმესტრი), კვლავ ჰორმონების დონის ცვლილებას და მშობიარობისთვის მზადების დასაწყისს (მე-3 ტრიმესტრი) უკავშირდება. ეს ორსულობის ფიზიოლოგიური მხარეა, ფიზიოლოგია კი ყოველთვის ფსიქოლოგიასთან არის დაკავშირებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითშეგრძნება გავლენას ახდენს ემოციურ აღქმასა და სიტუაციის შეფასებაზე და პირიქით. ღიმილსა და ოპტიმიზმს შეუძლიათ განკურნონ, ზედმეტი მღელვარება კი იწვევს თავის ტკივილს, კუჭის სპაზმს, არტერიული წნევის მომატებას, საშვილოსნოს ტონუსის გაძლიერებას… 

როგორ ვმართოთ სიტუაცია და როგორ გავმიჯნოთ უსაფუძვლო ფორიაქი საფუძვლიანი სიფრთხილისაგან? თავდაპირველად თქვენი მღელვარების მიზეზი დაადგინეთ. მაგალითად:
მე მეშინია, რომ…
* ამ ბავშვის დაბადება არავის გაახარებს;
* არ მეყოფა ფული მის გამოსაკვებად;
* ბავშვი არასწორად განვითარდება;
* არ ვიქნები კარგი დედა;
* ბავშვის დაბადება ხელს შეუშლის ჩემს კარიერას.
შემდეგ თითოეული სიტუაცია ლოგიკურ დასასრულამდე გაითამაშეთ. აღმოჩნდება, რომ ბავშვის დაბადებას შეუძლია გაგამდიდროთ და ენერგიით აგავსოთ, რადგან როცა დედა გახდებით, საკუთარ თავში აღმოაჩენთ სულიერი და ფიზიკური ძალებისა და სიბრძნის უზარმაზარ პოტენციალს.

წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება
არსებობს ქალის იდეალი. ეს ის ქალია, რომელიც სიხარულით ცას სწვდება, როდესაც გაიგებს, რომ დედა უნდა გახდეს, ბავშვის დაბადებას ლაღად და მხიარულად ეგებება… მაგრამ ორსულობას უსიამოვნო განცდებიც ახლავს თან და ეს განცდები სავსებით ბუნებრივია, მით უმეტეს – პირველი ორსულობისას. პირველი ორსულობა უზრუნველი ყმაწვილქალობის დასასრულს მოასწავებს. ქალმა იცის, რომ მშობიარობის შემდეგ მისი თავისუფლება ჩარჩოში მოექცევა, ბიუჯეტი შეიკვეცება… ქმრის ყურადღება აქამდე თუ მხოლოდ მისკენ იყო მიმართული, ახლა მისი მოზიარე გაუჩნდება… ორსულთა დიდი ნაწილი კარგა ხანს გულგრილია მომავალი შვილის მიმართ, მაგრამ აი, ნაყოფი იძვრება და ქალი ხვდება, რომ მის მუცელში ნამდვილად ცოცხალი არსებაა. ორსულობის ბოლოს ქალს უკვე შეუძლია, რეალურად წარმოიდგინოს შვილი და ყოველივე ის, რაც მასზე ზრუნვას უკავშირდება. ზოგიერთი ქალი, როდესაც შეიტყობს, რომ ორსულად არის, ღიზიანდება და შვებას მაშინღა გრძნობს, როცა მასში იღვიძებს სინაზე მომავალი შვილის მიმართ. ახალბედა დედას კიდევ ერთი გამოცდა ელის: როცა ბავშვი, ბოლოს და ბოლოს, დაიბადება, ქალს ჰგონია, რომ მასში მაშინვე მოზღვავდება დედობრივი სინაზე და შვილში უმალვე საკუთარ სისხლსა და ხორცს შეიცნობს. მაგრამ ეს ზოგჯერ არც პირველ დღეს ხდება და არც პირველ კვირას, ეს ხანგრძლივი პროცესია და მანამდე არ დასრულდება, ვიდრე დედა შვილთან ერთად მარტო არ გაატარებს რამდენიმე ხანს.

დაწყებითი სკოლა
ორსულობის ცხრა თვე დედობის სკოლაა. ქალი თავისი დედის შვილიდან საკუთარი შვილის დედად იქცევა. ეს თვეები მას მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ასწავლიან, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური, ემოციური და სულიერი ჯანმრთელობა. მუცლადმყოფი ბავშვი სამყაროზე თქვენი საშუალებით რეაგირებს. ის თქვენგან სწავლობს სამყაროსთან ურთიერთობას. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ორსულს თავადვე უჭირს საკუთარ თავში გარკვევა? მან ხომ ბავშვზეც უნდა იფიქროს, სამსახურზეც, დრო უნდა დაუთმოს ქმარს, ზოგჯერ – უფროს შვილებსაც, და თან საკუთარ თავზეც იზრუნოს. განვსაზღვროთ პრიორიტეტები. რა არის ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი? წარმარტება, სამსახური თუ უბრალოდ მუშაობის აუცილებლობა, რაც უდიდეს ძალისხმევასა და უამრავ დროს გართმევთ? შესაძლოა, ამან მატერიალური კეთილდღეობაც კი მოგიტანოთ, მაგრამ როგორ აისახება ეს ბავშვზე? დიახ, ახლა უმთავრესი “პროექტი” ბავშვია! ამიტომ აუცილებლად სთხოვეთ დახმარება მათ, ვისი იმედიც გაქვთ, დანარჩენებს კი აუხსენით, რომ ახლა თქვენ უფრო მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, რომელიც ზედმიწევნით ყურადღებას მოითხოვს. კიდევ ერთი ვარიანტი: შორიდან შეხედეთ, გაემიჯნეთ საკუთარ ემოციებს, თითქოს ორად იყოფით, ერთი ნახევარი ცხოვრობს, განიცდის, ხოლო მეორე, ბრძენი და მშვიდი, აკვირდება, ეხმარება, რჩევებს აძლევს და თანადგომას უცხადებს.

პრიორიტეტების შესახებ
სტრესები ჩვენი ცხოვრების ნაწილია. საქმე ის არის, ჩვენ როგორ ვრეაგირებთ მათზე. სტრესი – ეს არის განსაზღვრული სიტუაცია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. ამიტომ გადაწყვიტეთ მშვიდად, ემოციების გარეშე. თქვენი რეაქცია მომხდარზე – აი, რაზეა დამოკიდებული სტრესის ზემოქმედება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ურთიერთობა ქმარსა და უფროს შვილებთან – ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. მათ ხომ უწინდებურად უამრავი დრო და ყურადღება სჭირდებათ. აუცილებლად გაანდეთ მათ თქვენი განცდები, სთხოვეთ დახმარება, აუხსენით, რომ ორსულობა, მომავალ ბავშვზე ზრუნვა მძიმე შრომაა. გაუზიარეთ თქვენი სიხარული და მოლოდინიც – ისინი ხომ ახლობელი ადამიანები არიან! თქვენი განცდები ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური მდგომარეობა ფსიქოლოგიურზე უშუალოდ არის დამოკიდებული.

ფეხმძიმე ქალი სამსახურში ))

 

 ბევრი ფეხმძიმე ქალი მუშაობს სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგს წარმატებული კარიერის შეწყვეტა ან მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის დაკარგვა არ სურს, ზოგი კი ფინანსური მდგომარეობის გამო არ ანებებს თავს სამსახურს.
   ძნელია ფეხმძიმე ქალისთვის მუშაობა. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ქალები, რომელთათვისაც ფეხმძიმობის პერიოდი ყოველგვარი სირთულის გარეშე მიდის, მაგრამ უმეტესობას აწუხებს უგუნებობა, ტოქსიკოზი, ფეხმძიმე ქალისთვის ძნელი გადასატანია ტრანსპორტირება.
  უმრავლესობას ძნელად გადააქვს თამბაქოს სუნი, არ არის აუცილებელი თანამშრომელი ეწეოდეს სამუშაო ადგილზე, როდესაც ის ბრუნდება მოსაწევი ოთახიდან, შემოაქვს სუნი, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ფეხმძიმე ქალმა უგუნებოდ იგრძნოს თავი.
   ასევე ძნელია ჯდომითი სამუშაო, როდესაც ადამიანი დიდხანს ზის, ორგანიზმის ზეწოლა ხერხემალზე ხდება, რადგან ფეხმძიმე ქალი წონაში საკმაოდ იმატებს, ბოლო თვეებში ეწყება წელის არეში ტკივილი. მედიცინის მუშაკები კომპიუტერთან ჯდომას  ნაყოფისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.
  როდესაც ფეხმძიმე ქალი მუშაობს, ძნელია აკონტროლოს სწორი კვება, რაც ძალიან აუცილებელია ამ პერიოდში.
   ყველამ კარგად იცის, რომ ფეხმძიმე ქალის ხასიათის ცვლილება, გამოწვეულია მათ ორგანიზმში ჰორმონალური ფონის ცვლილებით, ამიტომ უბრალო კითხვაზე –  ”რატომ დევს ეს საქაღალდე აქ?” მას შეიძლება ცრემლი წამოუვიდეს.

 

   როგორ უნდა მოიქცეს ფეხმძიმე ქალი, რომ დეკრეტამდე მშიდად შეძლოს მუშაობა?

  •    მოელაპარაკეთ თქვენს უფროსს, თქვენს შესასრულებელ სამუშაოს ნუ გადაანაწილებთ მთელ სამუშაო დროზე, არამედ შეასრულეთ ის უფრო ჩქარა, ნაკლებ დროში. თუ თქვენი უფროსი თანახმა იქნება, დარჩენილ დროს თქვენ მოახერხებთ ქალთა კონსულტაციაში წასვლას. 
  •  თუ თქვენ არ გყავთ მანქანა, ეცადეთ არ იაროთ სამარშრუტო ტაქსით ”მარშუტკით”, ავტობუსი ბევრად კონფორტულია, ან მოძებნეთ თქვენს ახლოს ისეთი ადამიანი, რომელიც იგივე მარშრუტით მოძრაობს და ეცადეთ გადაჭრათ ტრანსპორტის პრობლემა.
  • აუცილებლად ატარეთ სადილი სამსახურში.
  •  ეცადეთ არ იჯდეთ დიდხანს, ადექით და თუნდაც ოთახში გაიარ-გამოიარეთ.
  •  თუ თქვენ ისეთი პროფესია გაქვთ, რომელიც არ მოითხოვს დილიდან საღამომდე ოფისში ჯდომას (ბუღალტერი, ჟურნალისტი,,,), შეგიძლიათ სამუშაო სახლში შეასრულოთ.

  

     თუ თქვენში ფეხმძიმე ქალი თბილ გრძნობებს არ იწვევს, და ფიქრობთ რომ მას, შვილის მეტი არაფერი არ აინტერესებს, მითუმეტეს სამსახური, თქვენ ცდებით. თუკი ფეხმძიმე ქალმა გადაწყვიტა იმუშაოს დეკრეტამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ სამსახური მას ძალიან სჭირდება, ბავშვის დაბადების მერე კი უფრო მეტად დასჭირდება, იმისათვის, რომ შვილი გაზარდოს, აღზარდოს და განათლება მისცეს და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენი დიდი ბებიები ადვილად და არაკონფორტულ, არაცივილიზირებულ პირობებში აჩენდნენ შვილებს,  დაფიქრდით იმაზეც, რომ ისინი სუფთა ჰაერზე და ჯანსაღ გარემოში ცხოვრობდნენ და  მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით იკვებებოდნენ.
   არც თანამშრომლებისთვის არის ადვილი ფეხმძიმე ქალის გვერდით მუშაობა. ხან ცუდად არის, ხან ქალთა კონსულტაციაშია წასასვლელი და ხან ექიმი რამდენიმე დღიან წოლით რეჟიმს  უნიშნავს . ასეთ დროს, თანამშრომლებს უწევთ მისი სამუშაოს შესრულება.  
  ხშირად,  ფეხმძიმე ქალის შესრულებულ სამუშაოს ზერელედ უყურებენ, ”რა უნდა გააკეთოს, დეკრეტამდე მიაღწევს და ,,,”. ზოგს შეიძლება პრეტენზია ქონდეს, რომ ის ძალიან პრეტენზიული გახდა ბოლო პერიოდში, ”ხან არ მოწიოო, ხან ფანჯარა დახურეო”, ზოგიერთმა ქალბატონმა კი შეიძლება ასეთი ფრაზაც თქვას ”მეც გავაჩინე 2 შვილი და არც არავინ შემიწუხებია”.  მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა ასე არ იქცევა, უმრავლესობა, ფეხმძიმე თანამშრომელს უფრთხილდება, თბილად და ყურადღებით ექცევა.

ჯანმრთელი შთამომავლობისთვის (ორსულთათვის)

ჯანმრთელი შვილის ყოლაზე ყველა ოცნებობს, მაგრამ ოცნება არ კმარა; ორსულობისთვის მზადება ბავშვის ჩასახვამდე უნდა დაიწყოს. ადამიანის ორგანიზმი ზოგჯერ ვერ უმკლავდება დატვირთვასა და სტრესს. ეს განსაკუთრებით დიდი ქალაქების მცხოვრებლებზე ითქმის. ეკოლოგიის თვალსაზრისით მეგაპოლისი არცთუ ისე სახარბიელოა საცხოვრებლად. გარდა ამისა, აქაური რიტმი იწვევს მუდმივ სტრესს, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების გადატვირთვას, ჰიპოდინამიას, არარაციონალურ კვებას, რაც მარტო ჩვენს ჯანმრთელობაზე კი არა, ჩვენი მომავალი შვილების განვითარებაზეც აისახება. როგორ უნდა წარიმართოს ორსულობა და რას უნდა მიაქციოს ყურადღება წყვილმა?- რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ქალმა დაორსულებამდე?
– ორსულობის დაგეგმვისას უნდა ვეცადოთ, გამოვრიცხოთ როგორც გარემოს არასასურველი ზემოქმედება, ასევე გადახრები მშობლების ჯანმრთელობის კუთხით. ჩასახვა ნორმალურად რომ მოხდეს და ორსულობა გართულებათა გარეშე წარიმართოს, აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება როგორც დაორსულებამდე, ასევე დაორსულების შემდგომაც. თუ ქალი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, ჯერ კიდევ ჩასახვამდე უნდა იზრუნოს პატარას ჯანმრთელობაზე. თავდაპირველად მომავალმა დედამ უნდა მიმართოს გინეკოლოგს – სასურველია, იმ ექიმს, რომელთანაც რეგულარულად გადის კონსულტაციას და რომელიც უფრო უკეთ არის გათვითცნობიერებული ინდივიდუალური პრობლემებისა თუ გადახრების თაობაზე. ასევე უნდა მიმართოს ექიმს მეუღლემაც. აუცილებელია მომავალი მშობლების ანამნეზის შეკრება, რათა შეფასდეს მათი ჯანმრთელობა და მემკვიდრეობა. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა სპეციალისტების: თერაპევტის, ნევროლოგის, ოკულისტის, კარდიოლოგის – კონსულტაციაც. განსაკუთრებული ყურადღება, ცხადია, სჭირდება მომავალ დედას. განვითარების შესაძლო მანკებისა და გადახრების თავიდან ასაცილებლად, გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად, საჭიროა ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა, ნაცხის ციტოლოგიური ანალიზი, საეჭვო შემთხვევებში კი ორგანიზმის უფრო გულდასმით შესწავლა. ჩვეულებრივ გამოკვლევას აუცილებლად უნდა დაემატოს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს უკანასკნელი უმჯობესია ჩატარდეს კრიტიკული დღეების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში.
– რომელი  ინფექციებია განსაკუთრებით საშიში ნაყოფის განვითარებისთვის?
– ზოგიერთი ინფექცია, რომელთა მატარებელიც შეიძლება იყოს როგორც მამა, ასევე დედა, ნაყოფის დაღუპვის ან თანდაყოლილი სიმახინჯის მიზეზად იქცევა. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შემდეგი გამომწვევები:

  • ვირუსები (მარტივი ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, წითურა, ენტეროვირუსი, B და ჩ ჰეპატიტის ვირუსები, ადენოვირუსი, აივ-ი);
  • ბაქტერიები (ქლამიდია, ტრეპონემა, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, კლებსიელა);
  • უმარტივესები (ტოქსოპლაზმა, მალარიის პლაზმოდიუმი);
  • სოკო კანდიდა (რძიანას გამომწვევი).

არსებობს დედისგან ნაყოფზე ინფექციის გადაცემის ორი ძირითადი გზა: სისხლის საშუალებით პლაცენტიდან და უშუალო კონტაქტისას ქალის ინფიცირებული სასქესო გზებიდან. განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევა წითურას ვირუსი – ის თითქმის ყოველთვის გადაეცემა ნაყოფს და მძიმე დარღვევებს იწვევს. ხშირად თანდაყოლილი წითურას შედეგია კატარაქტა, სიყრუე და გულის მანკი. ზოგჯერ აღინიშნება დარღვევები სისხლის, ფილტვების მხრივ, ფიზიკური განუვითარებლობა. წითურას ვირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ხოლო დაავადების წყაროა დაავადებული ბავშვი, ამიტომ მომავალი დედა უნდა მოერიდოს მსგავს კონტაქტებს. განსაკუთრებით სახიფათოა ნაყოფისთვის ადრეული ორსულობისას (მე-5 კვირამდე) დასნებოვნება, რადგან ამ დროს თანდაყოლილი სიმახინჯეების განვითარების ალბათობა ყველაზე დიდია. წითურა შესაძლოა სპონტანური აბორტის, მკვდრადშობადობისა და ახალშობილის სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. თუ ქალს ბავშვობაში გადატანილი აქვს წითურა ან აცრილია მასზე, პატარას არაფერი ემუქრება – იმუნიტეტი არ დაუშვებს ინფექციის განვითარებას. ყველა სხვა შემთხვევაში კი რაც შეიძლება ადრე უნდა გავიკეთოთ სისხლის ანალიზი წითურას ანტისხეულებზე. ციტომეგალოვირუსი ერთ-ერთი სახიფათო ვირუსთაგანია, რომელიც გადაედება ჰაერწვეთოვანი და სქესობრივი გზით. ორსულობის ადრეულ ვადაზე ინფიცირებისას დიდია ორსულობის შეწყვეტის ან განვითარების ანომალიის ჩამოყალიბების ალბათობა. თუ ინფიცირება უფრო გვიან მოხდა, მოსალოდნელია ჭარბწყლიანობა, ნაადრევი მშობიარობა და ახალშობილის თანდაყოლილი ციტომეგალია. ამ შემთხვევაში ახალშობილს უდიდდება ღვიძლი და ელენთა, ემართება სიყვითლე, ანემია, ცენტრალური ნერვული სისტემის, თვალისა და სმენის მძიმე დარღვევები.
– რა საფრთხეს უქადის გრიპის ვირუსი ორსულს?
– ამ საფრთხეზე ხშირად საუბრობენ, რადგან გრიპმა მართლაც შეიძლება მძიმე შედეგები გამოიწვიოს. მოსალოდნელია გართულებები თირკმელებზე, გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემებზე, აბორტი და ნაადრევი მშობიარობა. გარდა ამისა,  გრიპის შემდეგ ორგანიზმი უფრო ადვილად შეიძლება დასნებოვდეს პნევმოკოკური ან სტაფილოკოკური ინფექციით. გრიპის შედეგი შესაძლოა განსაკუთრებით მძიმე იყოს ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიაზე (მე-12 კვირამდე), როდესაც ყალიბდება მნიშვნელოვანი ორგანოები და სისტემები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დედის იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა – გაკაჟება, ვიტამინების მიღება და სრულფასოვანი კვება.

– ბაქტერიული ინფექციებიდან ორსულისთვის რომელია განსაკუთრებით საშიში?
– ბაქტერიული ინფექციებიდან შედარებით საშიშია ტოქსოპლაზმოზი. ამ ინფექციით დასნებოვნება ხდება ინფიცირებულ ხორცთან ან კატასთან კონტაქტის გზით. თუ ქალმა დაორსულებამდე გადაიტანა ეს ინფექცია, იმუნიტეტი სამუდამოდ დარჩება. საფრთხე ორსულობის ვადასთან ერთად იზრდება. პირველ ტრიმესტრში დასნებოვნებამ შესაძლოა არავითარი გართულება არ გამოიწვიოს. მეორე ტრიმესტრში თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის განვითარების რისკი 20%-მდე იზრდება – გამომწვევი გროვდება თავის ტვინში, აზიანებს ნაყოფის თვალებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ყველაზე ხშირი შედეგებია ქალასშიგა წნევის მომატება, გონებრივი ჩამორჩენილობა, ეპილეფსია და სიბრმავე. მესამე ტრიმესტრში დაავადების განვითარების ალბათობა 50-60%-მდე იზრდება. მიუხედავად ამისა, ტოქსოპლაზმოზი ორსულობის შეწყვეტის აბსოლუტურ ჩვენებად არ მიიჩნევა. თუ ანალიზის შედეგები დამაკმაყოფილებელია, ხოლო ულტრაბგერითი გამოკვლები ორგანულ ცვლილებებს არ ავლენს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ორსული უნდა ერიდოს კატასთან კონტაქტს და თერმულად კარგად დამუშავებული ხორცი მიირთვას. რაც შეეხება კანდიდოზს (რძიანა), მიკოპლაზმოზს, ტრიქომონიაზს, ქლამიდიოზს, – ისინიც საშიშია დედისა და ნაყოფისათვის, რადგან მათი მძიმე მიმდინარეობისას იზრდება სპონტანური აბორტისა და მკვდრადშობადობის რისკი. თანამედროვე მეთოდებით დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში მათგან განკურნება შესაძლებელია, ოღონდ აუცილებელია შესაბამისი ანალიზების ჩატარება და ექიმის კონსულტაცია.